“დეიზოლაციის წინაპირობა” – ე.წ. რესპუბლიკაში სურთ, რომ “საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი” კონფლიქტის მხარეებად აღიაროს

ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ “საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტები” და არა – წარმოაჩინოს ისინი, როგორც ქართულ – რუსული კონფლიქტები.

ამის შესახებ პოლიტოლოგი, ნათელა აკაბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრისთვის წერს.

მისი თქმით, “თბილისი უარს აცხადებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კონფლიქტის მხარეებად აღიაროს”.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) არაერთხელ მიიღო რეზოლუციები, რომლებშიც აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც “რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია”.

აკაბა აღნიშნავს, რომ ეს ართულებს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წვდომას საერთაშორისო ექსპერტულ და პოლიტიკურ პლატფორმებზე, ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, რადგან რესპუბლიკებში გაცემული რუსული პასპორტები არ არის აღიარებული და ართმევს მათ თვითგამორკვევის უფლებას”.

პოლიტოლოგი ასკვნის, რომ ევროკავშირი, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კარგავენ ისტორიულ შანსს, ითამაშონ წამყვანი როლი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებაში.

“იმის ნაცვლად, რომ დაარწმუნონ საქართველო ქართულ-აფხაზური დიალოგის დასამყარებლად უფრო ობიექტური, პრაგმატული და დაბალანსებული მიდგომების შემუშავების აუცილებლობაში, დასავლელი შუამავლები ქართველ პოლიტიკოსებს მუდმივად მხარს უბავენ“, – მიიჩნევს აკაბა.

პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ “აფხაზეთისთვის საგარეო პოლიტიკურ აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”.

“მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა – აფხაზეთის დეიზოლაცია, რაც ხელს შეუწყობს მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საერთაშორისო აღიარებას. ეს ასევე გააძლიერებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და თავიდან აგვაცილებს ახალ შეიარაღებულ კონფლიქტებს. გარდა ამისა, აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ქართულ-სამხრეთ ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების პრეისტორიის და ისტორიის, ასევე, მათი ტრაგიკული შედეგების შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში.

ნათელა აკაბა ასკვნის, რომ “აფხაზეთმა უნდა გაააქტიუროს საინფორმაციო პოლიტიკა და იმუშაოს პოზიტიური იმიჯის შექმნაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები