ქართველი წმინდანისა და ეროვნული გმირის გრიგოლ ფერაძის ნაკვალევს და ხსოვნას ლონდონიც ინახავს

წმინდა სოფიას ტაძარი ლონდონში

6 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო, განსაკუთრებით კი ქართული და პოლონური ეკლესიები აღნიშნავენ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს. ზუსტად 80 წელი შესრულდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მისი მოწამებრივი აღსასრულიდან.
გრიგოლ ფერაძის სახელი და ღვწალი 70 წლის განმავლობაში უცნობი იყო საქართველოსთვის. ის 1921 წელს თეოლოგიური განათლების გაღრმავების მიზნით გაემგზავრა გერმანიაში, საიდანაც საბჭოთა რეჟიმმა ჩამოსვლის უფლება აღარ მისცა და მან იძულებით გაატარა უცხოეთში თავისი სიცოცხლის მომდევნო 21 წელი.
სამშობლოს გულიდან მოწყვეტილმა ახალგაზრდა თეოლოგმა და ისტორიკოსმა შეგნებული ცხოვრება ქართული სიძველეების კვლევა-ძიებას და ძველი ქართული ხელნაწერების შესწავლას მიუძღვნა. მან 12 ენა იცოდა, რაც უიოლებდა საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ ორიგინალურ წყროებში გასცნობოდა მასალებს. მისი სამეცნიერო და პუბლიცისტური მემკვიდრეობა გაცილებით ვრცელი და მრავალფეროვანია, მისი შრომები მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი, ის, რაც ბოლო 25 წელიწადში დაიბეჭდა პოლონური და ქართული გამომცემლობების მიერ. ბევრი ნაღვაწი კი სამუდამოდ გაიბნა და დაიკარგა მის სიკვდილის შემდეგ. სავსებით შესაძლებელია, მომავალში უცხოურ არქივებში კვლავაც მიაგნონ გრიგოლ ფერაძის შრომებს, რაც უფრო სრულად წარმოაჩენს ამ უნიჭიერესი მოაზროვნის, მკვლევრისა და პუბლიცისტის მთელ მემკვიდრეობას.
გრიგოლ ფერაძის ხსოვნას დღეს მრავალი მართლმადიდებელი მიაგებს პატივს, მას საქართველოსა და პოლონეთის გარდა მოიხსენებენ გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, ისრაელის წმინდა მიწაზე. სადაც ის ქართველების ნაკვალევს დაუღლელად ეძებდა, მისი ხსენების დღეს აღნიშნავენ ყველა იმ უნივერსიტეტსა და საეკლესიო ინსტიტუციაში, რომელთანაც მას უხდებოდა ურთიერთობა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ჩატარება.

წმინდა სოფიას ტაძრის შიდა ინტერიერი

ჩემთვის ადრევე იყო ცნობილი, რომ გრიგოლ ფერაძე ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და არქივებში წლების განმავლობაში მუშაობდა, კითხულობდა ლექციებს და ბრიტანულ პერიოდიკაში აქვეყნებდა თავისი სამეცნიერო შრომების შედეგებს.
ოთხი წლის წინათ პირველად შევიტყვე იმ საკათედრო ტაძრის შესახებ ლონდონში, სადავ 1931 წლის18 აპრილს ის ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი დიაკვნადაც აკურთხეს. 1934 წელს ამავე ტაძარში გრიგოლ ფერაძე არქიმანდრიტად აკურთხეს.
ეს გახლავთ ცენტრალურ ლონდონში, ბეისვოთის უბანში მდებარე წმინდა სოფიას სახელობის ბერძნული საკათედრო ტაძარი, რომელიც მე-17 საუკუნეში ააგეს ბერძნებმა და ის არის პირველი მართლმადიდებლური ტაძარი ლონდონში.

მამუკა მიქელაძის ფრესკა ბოდბის დედათა მონასტერში

2018 წელს 31 აგვისტოს პირველად მოვედი აქ გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეს, მეორედ იმავე წლის 6 დეკემბერს – მისი გარდაცვალების დღეს და საქართველოდან წამოღებული სანთლები დავუნთე მის ხსოვნას. ამჯერად უკვე მესამედ მივდივარ აღნიშნულ ტაძარში, მისი ხსენების დღეს.
2019 წელს კახეთში ბოდბის დედათა მონასტრის კედელზე სხვა ქართველ წმნდანებთან ერთად აღმოვაჩინე გრიგოლ ფერაძის ფრესკა, რომელიც მხატვარ მამუკა მიქელაძის მიერ არის შესრულებული. ნიშანდობლივია, რომ ოსტატ ფრესკისტს ილია მართლის გვერდით გამოუსახავს გრიგოლ ფერაძე, რითაც ხაზი გაუსვა მათ სულიერ სიახლოვეს, ეროვნული იდეის და პრინციპების ერთგულებას.
გრიგოლ ფერაძის ღვაწლი აღნუსხულია და მრავალ ტომად არის გამოცემული, საიდანაც თვალსაჩინოვდება მისი მწერლური, საეკლესიო და საისტორიო ღირებულება. ის ერთბაშად საეკლესიო მოღვაწეც იყო და დიდი ერისკაციც, ილია ჭავჭავაძის გზის მიმდევარი. ამიტომაც არის რომ მის სახელს წმინდანობასთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის წოდებაც ამკობს.

ბაკურციხის სახლ-მუზეუმი

სულ რომ არაფერი გადარჩენილიყო გრიგოლ ფერაძის ნაწერ-ნააზრევიდან და მხოლოდ ეს 60-სიტყვიანო ციტატა შემონახულიყო, აქედანაც ჩანს რა სრულქმნილი პიროვნება და ზედროული მოვლენა იყო გრიგოლ ფერაძე:
„მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, დროსთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, აზროვნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიანი თვალით საგნების დანახვას, წინდახედულობას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვისი აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას. ესაა შინაარსი ჩვენი სიტყვისა – მოქალაქეობა. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება, თავისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად”.

გრიგოლ ფერაძის ფრესკა – მხატვარი მამუკა მიქელაძე

ეს სიტყვები და აზრი სკოლებში და ოჯახშიც სულ უფრო ხშირად უნდა გაისმოდეს, ამ შეგნებით და მრწამსით უნდა გაიზარდნენ ახალი თაობები, თუ გვინდა, რომ პასუხისმგებლობით სავსე, მოაზროვნე და საიმედო მომავალი დავიგულოთ.
გრიგოლ ფერაძის საქმე და სახელი შუქურასავით კიაფობს, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, რომ არ გაჩერდნენ, უსმინონ საკუთარ გულისთქმას, მხნედ იარონ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და არასოდეს მოსწყინდეთ ადამიანში ადამიანის ძებნა და დაფასება! უამისოდ სრულ ბედნიერებას ვერ მოიპოვებ, რაც უნდა მაღალ კარიერულ მწვერვალს შესწვდე!
გრიგოლ ფერაძემ სულ 43 წელი იცოცხლა, მაგრამ იმგვარად სავსე და შინაარსიანი ცხოვრებით, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგაც ასე მოქმედი და სულისშემძვრელია! გრიგოლ ფერაძის მარად მღვიძარე სული არასდროს ჩაქრება, ზნესრულობისა და ღირსების საწყაოდ ეყოლება საქართველოს…

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები