გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის განცხადება კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით არის ლოგიკურიც და არგუმენტირებულიც

კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, არის ლოგიკურიც და არგუმენტირებულიც, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე განმარტავს, თუ 2019 წელს ბანკების საპროგნოზო სუფთა მოგება, 1 მილიარდ ლარამდე იყო, მიმდინარე წლის ბოლოსთვის აღნიშნული მაჩვენებელი, 2021 წლის მსგავსად, 2 მილიარდი ლარი იქნება.

„უკვე დაწყებულია სპეკულაციები პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე, კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან. მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და შესაბამისად, 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან, თითქოსდა საბანკო სექტორი გაზრდის მომსახურების ტარიფებს და საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე.

გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელზე“, საქართველო გადავიდა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და მისი მიზანია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, შემოღებას ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან ერთად, უცხოური ინვესტიციების ზრდა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება უნდა მოჰყოლოდა. გარდა ამისა, მოდელის ეფექტი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის შემცირებით ბიზნესის გაფართოებაში და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში უნდა ასახულიყო.

ესტონური მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია თავისუფლდება მოგების გადასახადისგან, თუკი ის მოახდენს მოგების რეინვესტირებას გაფართოების მიზნით. დაბეგვრით კი იბეგრება იურიდიული პირი, თუ მოგებას გასცემს დივიდენდის სახით ან ახდენენ მოგების ისეთ განაწილებას, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის ბიზნესსაქმიანობას. ახლანდელი მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. მოგების გადასახადი ვრცელდება რეზიდენტ საწარმოზე და არარეზიდენტ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. ამასთან, გადავადებული მოგების  გადასახადი არ ვრცელდება: კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტზე, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირზე;

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმას თავის დროზე კრიტიკოსები არ აკლდა, მათ შორის დღევანდელი ოპოზიციის სახით, ამ მოდელის ეფექტი აისახა, მშპ-ს და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზეც და დასაქმების ზრდაზე. განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კოვიდ პანდემიურ 2020 წელს, როდესაც ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. გარდა იმისა, რომ ბოლო 2 წელიწადში გვაქვს ორნიშნა ზრდა, 2019 წელთან შედარებით მშპ გაიზარდა 47 %-ით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4696 ათასი დოლარიდან 6600 ათას დოლარამდეა გაზრდილი ანუ 40 %-ით, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 11,4 მლრდ ლარიდან 16,8 მლრდ ლარამდე ანუ 47 %-ით, ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია 3 %-მდე, უმუშევრობა მარტო მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მიხედვით შემცირებულია 15,6 %-მდე.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებაზე კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, არის ლოგიკურიც და არგუმენტირებულიც. როდესაც 2017 წელს ბანკებისათვის ამოქმედების ვადა 2023 წლამდე გადაიდო, იგი ითვალისწინებდა ამ პერიოდში საბანკო სექტორის განვითარების დინამიკის ანალიზს. მარტო წელს ბანკების საპროგნოზო სუფთა მოგება, თუ 2019 წელს 1 მილიარდ ლარამდე იყო, 2021 წლის მსგავსად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება. გარდა ამისა, მხედველობაში ნაკლებად იღებენ იმ გარემოებას, რომ საბანკო სექტორი არასაბანკო დაწესებულებებისაგან განსხვავებით ისედაც შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში ფუნქციონირებს. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით ბანკები არ იხდიან არც დღგ-ს, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყაროა -41 %-მდეა წილობრივად და არც აქციზის გადასახადს, რაც საბიუჯეტო შემოსავლების 13 %-ია.

ახლა იმაზე აქცენტირება, რომ ბანკები ამის კომპენსირებას სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით უპასუხებენ, ნაკლებად არგუმენტირებულია, მომსახურების ტარიფები ისედაც გაზრდილია, ხოლო საბანკო სესხებზე პროცენტი სხვა პრინციპით დგინდება, ძირითადად მოზიდული სახსრების ფასით და პირველ რიგში ვადიანი დეპოზიტების განაკვეთზეა დამოკიდებული“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები