პოდოლიაკმა ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 13 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა “24-ე არხის” ეთერში.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც თქვა, რომ დანაკარგი 100 000-ზე მეტია, “რა თქმა უნდა, შეცდა”.

პოდოლიაკის განმარტებითვე, სწორედ ამიტომაც წაიშალა მისი გვერდიდან, მოგვიანებით, მცდარი რიცხვები.

“ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რასაც ამბობს უმაღლესი მთავარსარდალი და ისინი მერყეობს 10 000-დან 12 500 -13 000 დაღუპულამდე. ანუ ღიად ვსაუბრობთ დაღუპულთა რაოდენობაზე”, – ამბობს პოდოლიაკი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაშავებულთა მაჩვენებელი გაცილებით დიდია და ეს ყოველთვის ასეა.

“ჩვენ ნათლად გვესმის, რამდენი დაღუპული გვყავს, რამდენი დაჭრილი. რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობთ ოჯახების სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საკითხების კუთხით”, – თქვა პოდოლიაკმა.

მან ასევე თქვა, რომ დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი შეიძლება, იყოს “მნიშვნელოვანი”, მაგრამ “ეს ნამდვილად არ არის 20 000”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები