ხელოვნების მუზეუმს 34 წლის წინ დაკარგული, თემო ჯაფარიძის სამი ნამუშევარი დაუბრუნდა

ხელოვნების მუზეუმს 34 წლის წინ დაკარგული, თემო ჯაფარიძის სამი ნამუშევარი დაუბრუნდა.
ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, 1988 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან მხატვარ თემო ჯაფარიძის სამი ნამუშევარი, დროებით, ერთი თვის ვადით, გატანილი იყო პერსონალურ გამოფენაზე. აღნიშნული ნამუშევრები წლების მანძილზე ითვლებოდა დაკარგულად და ინახებოდა მხატვრის დის ოჯახში.
34 წლის შემდეგ ექსპონატები დაუბრუნდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს. ესენია:
▪️ “ქალიშვილი პერანგში”, ხმ/ქსხ 3380, მუყაო/ზეთი, ზ. 70×50;
▪️ “ქალი მაგიდასთან”, ხმ/ქსხ, 3161, ტილო/ზეთი, ზ. 100×60 (ვინაიდან ტილო იყო ძლიერ დაზიანებული, მუზეუმის რესტავრატორებმა მეორე დღესვე გადაიტანეს სარესტავრაციო სახელოსნოში და ფონდში დააბრუნეს რესტავრირებული ნამუშევარი);
▪️ “ქალი თავსახვევით”, ხმ/ქსხ, 3168, ტილო/ზეთი, ზ. 100×50.
„თემო ჯაფარიძე მიეკუთვნება 1960-70-იანელთა თაობას და მისი შემოქმედება საბჭოთა პერიოდში შეფასებული იყო, როგორც ნონკონფორმისტული ხელოვნება. 1960-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე მხატვრის საგნობრივი და უსაგნო ფერწერული ნამუშევრები განსხვავებულ სტილსა თუ ჟანრში მერყეობდა. ხელოვანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პასუხობდა საბჭოთა რეალობაში დასავლურ სახელოვნებო სივრცეს და ასევე, არ კარგავდა ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ იდენტობას.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გარდა, თემო ჯაფარიძის ნამუშევრები დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ კერძო კოლექციებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები