ელისო ბოლქვაძე კულტურის დარგში გასატარებელ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიური კავშირები საქართველოსთვის არა მხოლოდ საგარეო მიმართულებით, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა ეფუძნება, კულტურაა. კულტურული ურთიერთობები დიდწილად განაპირობებს როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე, ადგილობრივი მიმართულებების განვითარებასა და ხელშეწყობას. საქართველოს პარლამენტში ახლახან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა კულტურის კომიტეტი, რომლის ფუნქციაც სწორედ ამ მიმართულებებით მუშაობაა. კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი და ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა, რომელიც მუშაობას ძალიან აქტიურად შეუდგა.
გასული კვირა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. როგორც ელისო ბოლქვაძე აღნიშნავს, მან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას ისახავს მიზნად. მას მიაჩნია, რომ პარლამენტის გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია ფუნდამენტური საკითხია და აპირებს, კულტურის კომიტეტის მუშაობა ყველასათვის ღია და თვალსაჩინო გახადოს.
–ქალბატონო ელისო, მიმდინარე კვირა საკმაოდ დატვირთული იყო საერთაშორისო დონის ოფიციალური შეხვედრებით. როგორ ფიქრობთ, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები?
– კვირა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრებით დაიწყო. კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში, მე შევხვდი ისრაელის ახალ ელჩს საქართველოში, რომელიც ძალიან აქტიური და კულტურის სფეროში ღრმად გათვითცნობიერებული ადამიანია. მას კარგად ესმის სამშვიდობო და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობა, რა მიმართულებითაც, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ.
ჩვენ ვამზადებთ ვიზიტს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან ერთად. ისრაელის კულტურის სამინისტროსა და კულტურის კომიტეტს საკმაოდ საინტერესო ურთიერთობის ფორმატი აქვთ, რომლის გაცნობაც, ეფექტიანი კომუნიკაციის კუთხით, ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება. ელჩის ჩართულობით, ჩვენ ამ საინტერესო გამოცდილების მიღებას შევძლებთ. დღესდღეობით, სწორი კომუნიკაციის გარეშე, საჭირო იდეების გატანა და განვითარებაზე ზრუნვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
-გვინდა, გკითხოთ სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრასა და იმ მემორანდუმზე, რომელიც ორი ქვეყნის კომიტეტებს შორის გაფორმდა. გთხოვთ, უფრო დეტალურად გაგვიზიაროთ ინფორმაცია.
-ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან თბილი და მეგობრული იყო. სპიკერსა და დელეგაციებთან, ასევე, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან ერთად, ჩვენ სომხეთისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეგიონალური უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას. თითოეულ ახალ ფორმატში მუშაობა ჩვენი ქვეყნების დაახლოებისა და მშვიდობის გარანტია. ჩვენ სომხეთის დელეგაციას, ასევე, შევთავაზეთ მედიატორობა აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხში და აღვნიშნეთ, რომ საქართველო მაქსიმალურად შეეცდება, ამ კუთხით ეფექტიანად იმუშაოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისტორიაში პირველად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სომხეთის პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტთან. ეს გახლავთ ერთგვარი საპარლამენტო სამუშაო, რომლის მიზანიც არა მხოლოდ კომიტეტების, არამედ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოება და კულტურული კავშირების გაღრმავებაა. საპარლამენტო და სამთავრობო კონტაქტები, ასევე, ის ახალი ინიციატივები და სხვადასხვა ფორმატის პროექტები, რომლებიც აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, ქვეყნებს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს.
-გარდა ამისა, როგორც ვიცით, თქვენ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეთ. ერთ-ერთია შეხვედრა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილთან. თუ შეგიძლიათ, მოგვიყვეთ ამ შეხვედრის შესახებ?
-ქალბატონ თამართან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა და პირადი მეგობრობა მაკავშირებს. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ერთად ბევრ პროექტზე ვიმუშავეთ, თუნდაც, შავი ზღვის ბათუმის ფესტივალის ფარგლებში. ის იუნესკოს პროექტებში ჩემთან ერთად ძალიან აქტიურადაა ჩართული და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას მიწევს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს საერთო იდეები. თამარ ბერუჩაშვილი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი დიპლომატია, რომლის რჩევებიც ჩემთვის ყოველთვის სასარგებლოა.
-როგორ მიგაჩნიათ, რამდენად საჭიროა საზოგადოების ინფორმირება მსგავსი ტიპის შეხვედრების შესახებ და, ზოგადად, როგორ ხედავთ საპარლამენტო მუშაობის ღიაობის აუცილებლობას?
-საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ყველასათვის საჭიროა ღია და გახსნილი პარლამენტი, რადგან ნებისმიერი კანონი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, სწორედ ხალხისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენი აზრით, აუცილებელია.
აქვე აღვნიშნავ, რომ კულტურის კომიტეტთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ბევრი საინტერესო ადამიანია გაერთიანებული. დეკემბერში ჩვენ შევკრებთ აღნიშნულ საბჭოს, რომელშიც კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო გავააქტიუროთ და მეტად მრავალმხრივი გავხადოთ სამუშაო პროცესი.
-საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნის პარლამენტისა და თქვენი კომიტეტის ურთიერთანამშრომლობის პროცესს?
-მიუხედავად იმისა, რომ კულტურის კომიტეტი დამოუკიდებლად სულ ახლახან ჩამოყალიბდა, ჩვენ უკვე მოვახერხეთ პარლამენტთან საკმაოდ კარგი და შედეგიანი კომუნიკაციის დამყარება. კომიტეტი ძალიან აქტიურად მუშაობს მრავალი მიმართულებით. ჩვენს გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა სხვა კომიტეტთან თუ ცალკეულ დეპუტატებთან. გვაქვს არაერთი საერთო მიმართულება, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ, რისი შედეგიც დროის მცირე მონაკვეთშიც კი გამოჩნდა. შიდა საპარლამენტო ურთიერთობა და საერთო თემების ირგვლივ გაერთიანება წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. უკვე გავატარეთ რამდენიმე რეფორმა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, ახალ რეფორმებზე მუშაობას ვიწყებთ.
–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვაპირებთ სკოლებში შევხვდეთ შშმ ბავშვებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახელოვნებო მიმართულებით და მოვუსმინოთ მათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების სოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
გარდა ამისა, დეკემბერში ვაპირებთ წეროვანის დევნილი ბავშვებისთვის მცხეთაში სპეციალური კონცერტის გამართვას, რომელშიც საერთაშორისო მისიებიც ჩაერთვებიან. ბავშვები, რომლებიც წლებია, დევნილები არიან, წარმოადგენენ საკუთარ ხელოვნებას, რაც მათი განათლებისა და სახელოვნებო სფეროში აქტიურად ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი წახალისება იქნება. ჩვენ მათ აუცილებლად მოვუსმენთ და სათანადო ყურადღებას მივაქცევთ.

