გიორგი ცუცქირიძე – ხაზარაძის განცხადებაზე: სანამ ზედაპირულობას და პოპულიზმს არ მოვრჩებით, არაფერი გვეშველება!

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს უწოდებს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, სანამ ზედაპირულობას და პოპულიზმს არ მოვრჩებით, არაფერი გვეშველება!

„სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის პრობლემა ხელისუფლებასთან ოპონირების არასწორ სტრატეგიაში უფრო მდგომარეობს. მათი დილემა კი არასწორ და წამგებიან პოზიციონირებასთან ერთად, ალტერნატიული ხედვის არქონაშიც მდგომარეობს. ერთადერთი რასაც ოპოზიცია სახელისუფლებო პოლიტიკას უპირისპირებს, ხშირად ცალკეული ციფრების მანიპულაციას უფრო წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ამ ტრადიციას არ ღალატობს ბატონი მამუკა ხაზარაძეც. გუშინ მან თავის კედელზე ერთი შეხედვით მეტად დამაინტრიგებელი პოსტი დადო, გამომწვევი სათაურით – ქართული ანდაზა – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.”

ამ საკითხზე კომენტარს არც ვაპირებდი, რომ არა თავად მისი შემოთავაზება აღნიშნულთან ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებსო და ვეცდები მის მიერ „ტყუილად“ წარმოსახული პასაჟები განვმარტო.

პირველი ტყუილი პრემიერის იმ განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე GDP $7,500  ვერ გახდება, რადგან  2021 წლის $ 5,015-დან ვერ გაიზრდება 2 წელიწადში 7500 აშშ დოლარამდეო, ანუ რაც მარტივი გათვლებით 40%-იანი ზრდის ტოლფასიაო. აქვე განვმარტავ, რომ უკვე მიმდინარე 2022 წლის ბოლოს მშპ მიაღწევს 72,2 მლრდ ლარს, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი საბიუჯეტო პარამეტრებითვე 6565 აშშ დოლარი იქნება, ანუ გაიზრდება 30 %-ით. რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი მისთვის არარეალისტურად მოჩანს, ავხსნი, რომ გარდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი აშშ დოლარში გაანგარიშებისას მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად, ასევე დამოკიდებულია წინა წელთან შედარებით ლარის აშშ დოლართან გაცვლით კურსზეც და არა მხოლოდ ეკონომიკის წლიური ზრდის პარამეტრზე ლარში. თუ ჩვენ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების დინამიკას მივიღებთ მხედველობაში, წლის ბოლოს ყველა პროგნოზით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 2.70-2.72 ფარგლებში იქნება და წლის დასაწყისიდან 11 %-ით არის გამყარებული.

აქვე აღვნიშნავ, რომ მასაც იგივე შეცდომა მოდის რაც ფადი ასლის მოუვიდა, როდესაც პრემიერის ადრინდელ განცხადებაზე, რომ 2022 წლის ბოლოს თუ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 5200 აშშ დოლარს ასცდებოდა რუსთაველზე ფეხშიშველა აპირებდა გავლას. ეს მომხიბვლელი პერსპექტივა ბატონ ასლის ჯერ კიდევ წინ ელოდება და იმედია სიტყვას უკან არ წაიღებს. აქვე შევახსენებ, რომ სავალუტო ფონდის საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზით, რომელიც როგორც წესი უფრო კონსერვატიულია, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 10 400 აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისათვის 15 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც მაღალ შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის შესაბამისია ანუ  დღევანდელთან შედარებით გაორმაგდება!

ახლა მეორე ტყუილად მიჩნეულ 100 000 ახალ სამუშაო ადგილზე,  რასაც მისივე გათვლებით მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები დასჭირდებოდა ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო და თუ ეს ასეა მაშინ ქვეყანა 6 თვეში 100 000-მა ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ რატომ დატოვა, რიტორიკულ კითხვას სვამს ბატონი ხაზარაძე.

სამუშაოდ უცხოეთში გასული ადამიანების რიცხვი ერთი შეხედვით კი მოჩანს შთამბეჭდავად ნეგატიურ კონტექსტში, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ მათ შორის ტრადიციულად დიდია ე.წ სეზონურ სამუშაოზე გასული ადამიანების რიცხვი, ასევე სტუდენტები, რომლებიც აქ სწავლის პარალელურად მუშაობდნენ და რომლებიც უცხოეთში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად. ამასთან, სამუშაოდ გასული ადამიანების დიდი ნაწილი ისევ უკანვე მალე ბრუნდება, რადგან ხშირად დაპირებული პირობები არ სრულდება და ცრუ მოლოდინების მსხვერპლი არიან!.

ეს რომ ასე არ იყოს, და დავუშვათ გადინების მყარი ვექტორი გვქონდეს, მაშინ საქსტატისვე მონაცემებით 2022 წლის მესამე კვარტალში არ გაგრძელდებოდა წლის დასაწყისში უმუშევრობის შემცირების დადებითი ტენდენცია და კიდევ უფრო თვალსაჩინო არ გახდებოდა, როდესაც ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15.6% შეადგინა!.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე არა მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული, არამედ პანდემიამდელ მაჩვენებელთან მიმართებაში ანუ- 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რაოდენობრივად კი უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 60.1 ათასი კაცით შემცირდა და 250.7 ათასს გაუტოლდა.

ამასთან, რომც დავუშვათ უმუშევრობის შემცირება დაუსაქმებელი შრომის უნარიანი მოსახლეობის გადინების ხარჯზე, მაშინ დასაქმების ასეთი მაღალი ზრდა უბრალოდ ვერ იქნებოდა. დასაქმება მნიშვნელოვნად – 77.5 ათასით გაიზარდა და 1,358.6 ათასი შეადგინა, ხოლო პანდემიამდელ – 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 47.4 ათასით გადააჭარბა.

ამასთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის – სამუშაო ძალა არა თუ გაიზრდებოდა, არამედ უფრო შემცირდებოდა. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ, რომ ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ და არც სამსახურს ეძებდნენ, დღეს გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან. მესამე კვარტალში სამუშაო ძალა 17.4 ათასით გაიზარდა და 1609.4 ათასი შეადგინა!.

ესეც მიანიშნებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, დასაქმება არ იზრდება მხოლოდ კერძო სექტორის ხარჯზე, სახელმწიფო პროგრამებმა განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ნაწილში და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირებისათვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში შეღავათების დაწესებამ, რომლებიც მანამდე სამუშაოს დაწყებისგან თავს იკავებდნენ გაჭირვებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების მოხსნის შიშით, თავისი პოზიტიური შედეგი უკვე აჩვენა.

და ბოლოსთვის, ბატონი ხაზარაძე როცა წერს – ტყუილს სანამ არ მოვრჩებით, არაფერი გვეშველებაო, მეც პერეფრაზით დავასრულებ – ზედაპირულობას და პოპულიზმს სანამ არ მოვრჩებით, მართლა არაფერი არ გვეშველება!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები