ირაკლი მხეიძე: მომავალ 3 წელში საქართველოში ე.წ. დევნილთა დასახლებები აღარ იარსებებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დევნილთა განსახლებისა და მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომლის მიხედვითაც მომავალი 3 წლის განმავლობაში დევნილებისთვის 7000 ბინა აშენდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, “კვირა” დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი მხეიძეს ესაუბრა.

როგორც ირაკლი მხეიძემ “კვირას” განუცხადა, მომდევნო 3 წლის თავზე საქართველოში ე.წ. დევნილთა დასახლებები აღარ იარსებებს.

“პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა დევნილებისთვის ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება დევნილებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი განსახლება.
მომდევნო წლის ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს დაახლოებით 260 მილიონი ლარია, რაც მიმართული იქნება ჩვენი დევნილების განსახლებისთვის. ჩვენ გვაქვს 2 ძირითადი მიმართულება. პირველი ეს არის – 7000 ბინა აშენდება საქართველოს 5 ძირითად ქალაქში, მათ შორის, თბილისში – 3000, რუსთავში – 800, ბორჯომში – 150, ქუთაისში – 720 და ზუგდიდში 1700 ბინა. ამ ხუთივე ქალაქში 2023 წლის დასაწყისში პარალელურად დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობები და ამ კომპონენტში მომდევნო სამი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია დაახლოებით 700 მილიონი ლარი. ეს არის უპრეცედენტო, ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა და ჯამში 13 ათას დევნილ ოჯახს საკუთარი სახლი ექნება, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. მომდევნო 3 წელში ქვეყნის მასშტაბით არ იქნება არცერთი ე.წ. დევნილთა დასახლების ობიექტი, დღეს ასეთი 400-მდეა”, – აღნიშნა ირაკლი მხეიძემ.

მან ასევე ისაუბრა “სოფლად სახლის” პროგრამაზეც, რომელიც ასევე გათვალისწინებულია მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. მხეიძე განმარტავს, რომ უკვე წელს ამ მიმართულებით დევნილთა სააგენტომ გეგმით გათვალისწინებულ რაოდენობას საგრძნობლად გადააჭარბა.

“სოფლად სახლის” პროგრამა, ძალიან პოპულარული პროგრამაა დევნილების განსახლებისთვის, რადგან ძალიან მოქნილია დროში, მინიმალური ქულის მქონე ოჯახებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილი ოჯახი თავად წარმოგვიდგენს სასურველ ბინას და ჩვენ, დევნილთა სააგენტო მყისიერად შევუძენთ მათ ამ ბინას.
“სოფლად სახლის” პროგრამით 2022 წელს ჩვენი მიზანი იყო 2000 სახლის შესყიდვა და დღეის მდგომარეობით, უკვე 2200 სახლი გვაქვს შესყიდული და წლის ბოლომდე ვგეგმავთ კიდევ 400 სახლის შეძენას. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის განსახლებას.
ამ პროგრამის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში 6000 სოფლად სახლის შესყიდვას ვგეგმავთ, რაზეც ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ჯამურად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში დევნილთა განსახლებაზე ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 900 მილიონი ლარი, რაც უპრეცედენტოა.
რაც შეეხება უშუალოდ მომდევნო წელს დევნილების ბინებით უზრუნველყოფას, იმ მშენებლობების პარალელურად, რომელიც მომდევნო წელს უნდა დაიწყოს, ჩვენ 2023 წლის პირველ კვარტალში უკვე ველოდებით, ქუთაისში 800-მდე და თბილისში 100-მდე ბინის მშენებლობის დასრულებას. ეს ბინები საჭიროების შესაბამისად, იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს საცხოვრებელი ბინები”, – განაცხადა მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები