ომის ქრონიკა: ლუგანსკი ალყაშია, დონეცკთან ახლოს მეამბოხეებმა ორი სოფელი დაიბრუნეს
დღეს 15.00 წუთზე უკრაინის არტილერიამ ქალაქ დონეცკის ტერიტორიის დაბომბვა განაახლა. დროის მოკლე მონაკვეთში 5 შეტევა განხორციელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოსის რაიონში სამხედრო სასწავლებლის შენობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქარხანა-ფაბრიკები იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ანნა-ნიუსი“ ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, საარტილერიო ზალპები ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მხრიდანაც ისმის. უკრაინის სამხედრო შტაბის განცხადებით, ქალაქი ლუგანსკი ალყაშია მოქცეული. დონეცკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი სოფელი – მარინოვკა და სტეპანოვკა მეამბოხეებმა დაიკავეს, ჩამოხსნილია უკრაინის ეროვნული დროშა, მის ადგილას ,,ბოევიკებმა“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალამი აღმართეს.