რა ასაკიდან არის რეკომენდებული ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება და რა ჩივილებით უნდა მივმართოთ სპეციალისტს

მედიცინის დარგი მუდმივად ვითარდება, უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები, კვლევები და თანამედროვე ტექნოლოგიები კი სპეციალისტებს დროულ დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის სწორად წარმართვაში ეხმარება.

ენდოსკოპია მედიცინაში დიდი ხანია, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იგი ინსტრუმენტული კვლევის ერთ-ერთი სახეა. ენდოსკოპის საშუალებით ხდება ღრუ ორგანოების დათვალიერება. პროცედურა ექიმს საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ორგანოში არსებული დაზიანებები აღმოაჩინოს.

ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია) ძირითადად ტარდება შემდეგი ჩივილების შემთხვევაში: გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისფაგია, დისპეფსია, ოდინოფაგია (ტკივილი ყლაპვისას), სისხლდენა ზედა სართულებიდან. გეგმური სკრინინგი და დაკვირვება პოლიპების და სიმსივნეების ნაადრევად აღმოსაჩენად.

ენდოსკოპიური კვლევა (კოლონოსკოპია) ძირითადად ტარდება შემდეგი ჩივილების შემთხვევაში: სისხლდენა ქვედა სართულებიდან. გეგმური სკრინინგი და დაკვირვება მსხვილი ნაწლავის პოლიპების და სიმსივნეების ნაადრევად აღმოსაჩენად. ნაწლავების ანთებითი დაავადების შემთხვევაში. დაკვირვება პოლიპექტომიის შემდეგ.

უფრო დეტალურად, თუ რას გულისხმობს აღნიშნული კვლევა და როდის არის რეკომენდებული მისი ჩატარება – რესპუბლიკური საავადმყოფოს ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი, ენდოსკოპისტი, თემურ სამადაშვილი გვესაუბრება

„ენდოსკოპიური კვლევა გასტროენტეროლოგიური მიმართულებით თავის თავში გულისხმობს საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიურ კვლევას, ასევე, მსხვილი ნაწლავის და სასუნთქი გზების ენდოსკოპიურ კვლევას. სპეციალური ზონდით ხდება ამ ღრუ ორგანოების დათვალიერება. ენდოსკოპია ზოგადი დასახელებაა, მასში ერთიანდება გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ენტეროსკოპია და ბრონქოსკოპია“, – განმარტავს ქირურგი.

ენდოსკოპიის ხსენებისას ადამიანებს პირველი ე.წ. ზონდის გადაყლაპვა ახსენდებათ, პროცედურა ყველასთვის ტკივილსა და ძლიერ დისკომფორტთან ასოცირდება, თუმცა, თემურ სამადაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ, გასტროსკოპია მტკივნეული არ არის, ამას მხოლოდ მცირედი დისკომფორტი ახლავს. რაც შეეხება კოლონოსკოპიას, ის მტკივნეულია და მსგავსი პროცედურა ტარდება ვენური ანესთეზიის პირობებში.

„გასტროსკოპია მტკივნეული პროცედურა არ არის, უბრალოდ მცირედი დისკომფორტია, რადგან კუჭი იბერება ჰაერით და ეს ჰაერი ამოდის გამუდმებით. ზოგ შემთხვევაში პაციენტებს აქვთ ხოლმე ერთგვარი დახრჩობის შეგრძნება, თუმცა, სასუნთქი სისტემა ამ დროს თავისუფალია. ამ პროცედურით პაციენტის დახრჩობის ფაქტი არ ყოფილა, ანუ არსებობს მხოლოდ ემოციური ფონი. რაც შეეხება კოლონოსკოპიას, ამ პროცედურის დროს სწორი ნაწლავიდან შედის დაახლოებით 160 სმ-იანი ზონდი და ხდება მთელი მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. ის ნამდვილად მტკივნეულია და მხოლოდ სედაციის პირობებში ტარდება სრულფასოვანი კვლევა“, – აღნიშნავს თემურ სამადაშვილი.

რა ჩივილების დროს ტარდება ენდოსკოპიური კვლევა და როდის არის რეკომენდებული პერიოდული გამოკვლევა – რესპუბლიკური საავადმყოფოს ენდოსკოპისტი ამბობს რომ 45-50 წლის ზემოთ ადამიანებში, სპეციალისტის რეკომენდაციაა ჩატარდეს კვლევა, ასევე, გასათვალისწინებელია ადამიანის ცხოვრების წესი, კვების რაციონი, მავნე ჩვევები, ოჯახური ანამნეზიც.
„ხშირ შემთხვევაში პაციენტები მოდიან ხოლმე ჩივილებით, მაგალითად, როდესაც აქვთ ტკივილები მუცლის არეში, გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, დისპეპსია, დაგვიანებულ შემთხვევაში, პაციენტები მომართავენ სხვადასხვა გართულებით, მათ შორის, სისხლდენით.
ზოგადად, ასაკობრივად, 50 წლიდან რეკომენდებულია მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, ე.წ. კოლონოსკოპია, რათა მოხდეს პათოლოგიის დროული აღმოჩენა და ენდოსკოპიურად მისი მკურნალობა ან მედიკამენტოზურად დიაგნოზიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია რომ პათოლოგიური პროცესი არ იყოს შორს წასული ავთვისებიანი, რომლის მკურნალობაშიც ერთვებიან შესაბამის სპეციალისტები (ქირურგები, ონკოლოგები).
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 45-50 წლის ზემოთ 5 წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია კოლონოსკოპიაც და გასტროსკოპიაც. თუმცა, როგორც აღვნიშნე, კვლევების სიხშირე და ასაკობრივი რეკომენდაცია დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევებზე, კვების რაციონზე და ოჯახურ ანამნეზზე“, – ამბობს მედიკოსი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ენდოსკოპიურ კვლევებს 40 წლიანი ისტორია აქვს. განყოფილების ხელმძღვანელი გვიყვება, რომ თავდაპირველად პროცედურა ხისტი აპარატით კეთდებოდა, შემდეგ კი ის დრეკადი ენდოსკოპით ჩანაცვლდა. თემურ სამადაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები სულ უფრო დიდ როლს ასრულებს მედიცინის სფეროში. უახლესი აპარატურა, რომლითაც რომლითაც რესპუბლიკური საავადმყოფოა აღჭურვილი, მედიკოსებს დიაგნოსტირებასა და შემდგომ მკურნალობაში დიდ დახმარებას უწევს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ენდოსკოპიურ კვლევებს, დაახლოებით 40 წლიანი ისტორია აქვს. თავდაპირველად ხისტი, ანუ მყარი ენდოსკოპებით ხდებოდა კვლევა. შემდეგ კი ეტაპობრივად დრეკადი, ანუ დრეკადი ენდოსკოპებით ჩანაცვლდა. დღესდღეობით სწორედ დრეკადი ენდოსკოპებით ვმუშაობთ.
მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაქვს ბოლო თაობის 2 ცალი ენდოსკოპიური სადგური ( ), შესაბამისი ენდოსკოპებით. აღნიშნული სისტემა ფუნქციურად საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია და გვეხმარება რთული შემთხვევებისა და პათოლოგიების აღმოჩენაში“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი როგორც მის განყოფილებაში, ისე ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოღვაწე მედიკოსების პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ გუნდური მუშაობის მაღალი დონე, რომელიც კლინიკაში მოქმედებს, პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს ენდოსკოპიურ დეპარტამენტში ყველა ლიცენზირებული ქირურგია. მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ქირურგიული გამოცდილების მქონე ექიმები. ჩვენს მედიკოსებს გადაუდებელი დაავადების შემთხვევის აღმოფხვრის გამოცდილებაც ძალიან კარგი აქვს. მინდა გითხრათ, რომ ენდოსკოპიურ განყოფილებას უკმაყოფილო პაციენტი ჯერ არ გვყოლია“, – დასძენს თემურ სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები