ევროპარლამენტი: ლუკაშენკოს რეჟიმმა რუსეთთან ერთად პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე
ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.
დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელორუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებს, როგორიცაა „ნექსტა“ და ასევე მოუწოდებენ უფრო სისტემატური თანამშრომლობისკენ ევროკავშირსა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის.
„ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის პოზიციის მხარდაჭერით იმის თაობაზე, რომ ბელარუსი უნდა იყოს აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს მთავრობის მონაწილეობას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ასევე მკაცრად გმობს ბელარუსში 1400-ზე მეტ პოლიტიკური პატიმრის არსებობას, რომელთა მიმართ დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელებია გამოტანილი.
ის ასევე გმობს 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკის პატიმრობას და მოუწოდებს ლუკაშენკოს რეჟიმს, დროულად უზრუნველყოს მისი გათავისუფლება ოსლოში, 10 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიისთვის.