კახა კალაძე – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო და მქონდეს პასუხი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო და მქონდეს პასუხი, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

„გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი, ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყოველთვის არის მოთხოვნები, რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება. თუ დააკვირდებით, 2017 წლიდან დღემდე, უბრალო მუშასაც კი არ ჩამოვარდნია თმა, ისე განხორციელდა სამუშაოები და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც მჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა. ცხრავე მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები