“კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები” – ზელენსკიმ გაერო-ს საგანგებო სხდომას მიმართა

რუსი ოკუპანტების მიერ 23 ნოემბერს უკრაინის ქალაქების ინტენსიური იერიშის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება ტერორიზმია და უკრაინა მსოფლიოსგან ამ დანაშაულებისთვის გადამწყვეტ რეაქციას ელოდება”.

უკვე უშუალოდ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსეთი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულა.

ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა მსოფლიოს ტერორის, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის გარდა არაფერი შესთავაზა. რუსეთის უახლესი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა გვთავაზობს ათპუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რუსეთის ფედერაცია რაკეტებით პასუხობს. ჩვენ ველოდებით რეაქციას რუსეთის ტერორზე. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. დროა, მხარი დავუჭიროთ უკრაინის სამშვიდობო ფორმულას”, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ორგანიზაციას მოუწოდა, დაგმოს რუსული სარაკეტო თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მიიწვია გაეროს წარმომადგენლები, ჩავიდნენ ადგილზე და საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა გაუკეთა რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღე ხედავს რუსეთის მიერ ქალაქების განადგურების შედეგებს, რუსული „ტერორის ფორმულის“ შედეგებს.

“დღეს, მხოლოდ ერთ დღეში 70 რაკეტა გაუშვეს – აი, ეს არის ტერორის რუსული ფორმულა”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები