გივი მიქანაძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს საქართველოში, ალექსანდერ კარნერს შეხვდა
ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრის, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატის, გივი მიქანაძის და საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდერ კარნერის შეხვედრაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სააგენტოს წარმომადგენელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე აღინიშნა მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა და აუცილებლობა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოითქვა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფში ჩართვის სურვილი. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
“სტუმრებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მიმდინარე საქმიანობის და იმ გეგმების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია, რაც კომიტეტს 2023 წლისთვის აქვს განსაზღვრული. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ახალგაზრდობასთან მუშაობაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომ მოხდეს ახალგაზრდული ცენტრების დაფუძნება და არსებულის გაძლიერება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.