ეკა ბესელია: პროკურატურა აკეთებს იმას, რაც კანონით ევალება

  პროკურატურა აკეთებს იმას, რაც კანონით ევალება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ძებნის გამოცხადებას. დეპუტატის თქმით, აღნიშნულს მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურები.
„მას შეფარდებული აქვს პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება. ამის შემდეგ იწყება ოფიციალური ძებნის გამოცხადება, შემდეგ გაგრძელდება სხვა პროცედურები. პროკურატურა აკეთებს იმას, რაც კანონით ევალება, მაგრამ ბრალდება, რომელიც ემატება სააკაშვილს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. დღეს იმ ადამიანებს, ვინც მას გულშემატკივრობს, ამ ხარჯების ნუსხა უნდა გავაცნოთ. მის შინაარსსა და დეტალებზე უნდა ვკითხოთ. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დევნაა?“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. საქართველოს ექსპრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები