საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორი ქვეყნის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება.

“საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. უპირველესად, გიორგი მარგველაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთი საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის და სამიტის მთავარ დოკუმენტში მკაფიოდ უნდა აისახოს ჩვენი მთავარი მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში.
ორი ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
ლიდერებმა ასევე უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სწორედ 2008 წლის გაგრძელებაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემას. მისი თქმით, ეს არის საერთო ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩაბმულობა და ძალისხმევა სჭირდება”, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები