გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელი ფორმაციით წარმოდგენილმა ქართულმა ოპოზიციამ, პრაქტიკულად განულებული რეიტინგების შემხედვარემ, ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი გაიგო

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ვიზიტმა და გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარებმა, უკვე მერამდენედ წარმოაჩინა ქართული ოპოზიციის კრეფსითი სახე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ფორმაციით წარმოდგენილმა ქართულმა ოპოზიციამ საკუთარი პრაქტიკულად განულებული რეიტინგების შემხედვარემ ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი გაიგო.

„ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ვიზიტმა და გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარებმა, უკვე მერამდენედ წარმოაჩინა ქართული ოპოზიციის კრეფსითი სახე. აქ კონკრეტულად არ მსურს თუნდაც დეპუტატის და ყოფილი დიპლომატი ქალბატონის კომენტარებზე აქცენტირება.

ქართულმა ოპოზიციამ, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ფორმაციით წარმოდგენილმა, როგორც იტყვიან ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი გაიგო საკუთარი პრაქტიკულად განულებული რეიტინგების შემხედვარემ მაინც. ევროკომისარ ვარჰეის მოწოდებები ოპოზიციის მიმართ ჭირვეულ ბავშვს, რომ დატუქსავენ იმ სერიიდან უფრო იყო – სტატუსს ქვეყანა, რომ იღებს და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი ან პარტია.

რა მნიშვნელობა აქვს ბატონ ვარჰეის პოლიტიკურ წარმომავლობას ან მის წარსულ თუ ახლანდელ პიროვნულ სიმპატიებს ეს ასეც, რომ იყოს. დღეისათვის იგი წარმოადგენს  არა უნგრეთს, არამედ უმაღლესი დონის თანამდებობის პირს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში და მის პოზიციაზე გარკვეულწილად არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

ქართული ოპოზიციის აზროვნების და პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმების სიდუხჭირეზე მიუთითებს მათი ერთადერთი იმედი, კანდიდატის სტატუსის ჩავარდნით ქულების დაწერა და საპროტესტო ტალღის აგორება ხელისუფლების წინააღმდეგ, რამაც ახალი არჩევნების ან რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილება უნდა მოიტანოს. უკვე მესამე წელია, რაც ოპოზიცია ამ ჩაკეტილი და წამგებიანი წრიდან ვერ გამოსულა. რაც მთავარ ოპოფლანგ „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ისიც ამ პოლიტიკის შემადგენელია და არც შემთხვევითი არ არის!

ახლა გაცილებით მნიშვნელოვან თემებზე, რომ გადავიდეთ ევროკომისრის განცხადებებიდან მსურს გამოვყო ძირითადი აქცენტები, რომელიც მან ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე გააკეთა, და რომელიც ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში.

ადრეც ვწერდი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ არის უბრალო ფორმალობა ან დროში გაწელილი უტოპია. თუნდაც თურქეთის მაგალითზე სწორედ ამ სტატუსმა მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უზრუნველყო ევროპის ქვეყნებიდან მილიარდობით აშშ დოლარის ინვესტირება თურქულ ეკონომიკაში, რამაც თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ ქვეყნად აქცია.

ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა.

საქართველოს შუა დერეფნის ისტორიული ფუნქციის აღდგენით ეძლევა უნიკალური შანსი არა მხოლოდ გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი, არამედ ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებშიც ჰაბის ფუნქცია შეიძინოს, სადაც ტრასეკას-ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი ნაკადების შემოდინებას შეუწყობს ხელს.

დღეს უკვე სავსებით რეალურია იმის პერსპექტივაც, რომ ყველა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით ჩვენ არა მხოლოდ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება რეგიონში და ევროპაში, რის შედეგადაც არა თუ 2030 წელს, არამედ უკვე 2027 წლისათვის შეიძლება გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანაც, ერთ სულ მოსახლეზე 15 000 აშშ დოლარის ეროვნული შემოსავლით.

ამიტომაც როგორც ჰაერი ისე გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომ პოლიტიკურადაც შემდგარი ერი გვერქვას, ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ პოსტსაბჭოთა ანუ რუსული სივრციდან, როგორც თავის დროზე მუსულმანური სივრციდან გავედით და ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებზე არ იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი აგებული, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებშიც ნულოვანი რეიტინგები აქვთ!

საქართველო იძენს იმ გეოპოლიტიკურ ფუნქციას რაც მას ისტორიულად რეგიონალურ სახელმწიფოდ აყალიბებდა, ახლა გვეძლევა ისტორიული შანსი რაც 1921 წელს ჩვენივე უჭკუობით თუ ურთიერთგაუტანლობით დავკარგეთ და ამ შანსს არც ისტორია და არც შთამომავლობა არ გვაპატიებს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები