გივი მიქანაძე:  აბსოლუტურად ალოგიკურია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან

აბსოლუტურად ალოგიკურია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან, ეს არის მიუღებელი და წარმოუდგენელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ნიკა გვარამიას შესახებ ევროპარლამენტართა განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, “ალდეს” განცხადება სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის და წნეხის მოხდენის კიდევ ერთი მცდელობაა.

“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა სასამართლოს მიერ არგუმენტებზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩარევის და სასამართლოზე გარკვეული წნეხის მოხდენის. ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს! პატივი სცენ მის სასამართლო ხელისუფლებას და გამოვიდნენ იმ ფაქტებიდან, რომ სასამართლო პროცესი იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მხარეებს ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იყო შეჯიბრებითობის პრინციპი და შესაძლებლობა, რომ ყველა არგუმენტი წარმოდგენილიყო, რის საფუძველზეც გამოიტანა სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ, „ალდე“ იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, მოსწონთ თუ არა ეს, პატივი უნდა სცენ და არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით, როცა საქართველო ორიენტირებულია იმ ღირებულებებზე, რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ნიკა გვარამიას და ნებისმიერი სხვის წარმოჩენის მცდელობა პოლიტპატიმრად, ქვეყნის დამაზიანებელია და ეს არის არამეგობრული განწყობა ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE)  გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები