ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ინფოტურებს აგრძელებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ინფოტურებს აგრძელებს. ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვივნენ. ტურში გიდები, ტუროპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფოტურის ფარგლებში, მონაწილეებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჩხის ჩანჩქერი და საირმის სვეტები მოინახულეს. რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურად მათთვის ღვირიშის ჩანჩქერზე- კანიონინგი, მდინარე რიონზე კი ჯომარდომა გაიმართა. რაც შეეხება ღვინის ტურიზმის მიმართულებას, სოფელ ქორენიში ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის რთველი და ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ცაგერის შემდეგ ტურის მონაწილეები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ, დაათვალიერეს კურორტი მუაში და სოფელს საშაში ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმროს ეწვივნენ.
ტუროპერატორების განცხადებით, ყველა ლოკაცია, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეარჩია სამომავლოდ მათ მიერ დაგეგმილ და ტურისტებისთვის შეთავაზებულ მარშრუტებში მოხვდება.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტუროპერატორები და გიდები „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის, „GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.
ინფოტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.