საქართველო 2023 წელს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – ლევან მეხუზლა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როზაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

„2023 წელს საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის. ჯგუფის თავმჯდომარეობა ხორციელდება ყოველწლიურად, თითოეული მონაწილე ქვეყნის მიერ, როტაციის პრინციპით. მიმდინარე წელს ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე ლევან მეხუზლამ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ სავაჭრო ბარიერებზე პრეზენტაცია გამართა, ისაუბრა ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელ საკითხებსა და საქართველოს ღვინის ინდუსტრიის პოტენციალზე. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების (არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, საქართველო, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ურუგვაი) გაერთიანებას. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით. საქართველო WWTG-ს 2014 წელს თავმჯდომარეობდა.

აღნიშნულ პერიოდში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება და დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის პროცედურებს ამარტივებს. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. WWTG -ის თავმჯდომარეობის პერიოდში ქართული მხრიდან მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG- ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს, ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ, ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება” ეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები