ირაკლი კობახიძე: ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს – IPM პირდაპირაა დაკავშირებული “ნაცმოძრაობასთან”

არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი [ოპოზიცია] და მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის თავის ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით, – ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება ამ კვლევების მიმართ. პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს. ეს არის ცნობილი IPM, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. უკვე წლებია, არსებობს ეს კავშირი და სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოისახება ხოლმე ჩვენი ეჭვები. პერსონალურ რეიტინგებს რომ შეხედოთ, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგსა და ასე შემდეგ, აქ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ არის გარკვეული მანიპულაციის ინტერესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კვლევის შედეგად, საზოგადოებაში გამოვლენილი განწყობებიც მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია.

„ეს არის მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციები. რეალურად IPM არასდროს აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია 100%-ზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგი. ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, რომ თითქოს, ამომრჩევლის 40% არის გადაუწყვეტელი, რაც ოპოზიციისკენ შეიძლება მიემართოს და ასე შემდეგ. ესეც არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება. სინამდვილეში ძალიან მარტივად შეიძლება ალოკაციის გაკეთება. ამას არ აკეთებენ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სივრცე დატოვონ სპეკულაციებისთვის. რასაც აქტიურად იყენებს რადიკალური ოპოზიცია. რეალურად, ყოველ ჯერზე, თქვენ გახსოვთ, IPM დებდა მსგავს მონაცემებს და საბოლოო ჯამში, არჩევნებზე იდებოდა კონკრეტული შედეგები, რაც ადასტურებს იმას, რომ ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე მხარს უჭერს სწორედ „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი და მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის თავის ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები