კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს გააგრძელებს, ამ ზამთარს ყველაზე უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადონ.
აღნიშნული კი არ გამორიცხავს სრულად ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენას.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. მაგრამ გულახდილები ვიქნებით, ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს, რომ საერთოდ ყველა დავიხოცოთ. ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით სხვადასხვა სიტუაციისთვის“, – განაცხადა კლიჩკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მან თანამემამულეებს მოუწოდა, დაძლიონ სირთულეები, რომ „გავიაროთ ეს ზამთარი და გაზაფხულზე კიდევ უფრო ძლიერები ვიყოთ”.