კანონშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო განმარტებითი ბარათის მოსამზადებელი ინსტრუქციების სახელმძღვანელოზე მუშაობს
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კანონის პროექტის თანმხლები განმარტებითი ბარათის შემუშავების გზამკვლევის პროექტზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ექსპერტს გზამკვლევთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები გაუზიარეს. გზამკვლევის მიზანია განმარტებითი ბარათის შემუშავებისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევა, განმარტებითი ბარათის ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესება, კანონშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.
კანონის პროექტის თანმხლები განმარტებითი ბარათის შემუშავების გზამკვლევის შედგენა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით ნაკისრ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.