„ამის ნახევარი კრიტიკა გახსოვთ მაინც 2012 წლამდე?“ – კახა კახიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არ არის სწორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს და ელჩ კელი დეგნანის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას.

მისი თქმით, თავის დროზე აშშ-ის მოთხოვნა იყო, რომ არც ერთი მოსამართლე სამსახურიდან არ უნდა წასულიყო მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის განაჩენები დააყენეს მათ წინა წლებში.

„აშშ-ის სასამართლომ 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო მკვლელობის და გაუპატიურების ბრალდებით. 40 წელი მოიხადა სასჯელი და დღეს თქვეს, რომ თურმე ეს ადამიანი დამნაშავე არ იყო საერთოდ. რა ვქნათ ახლა, სასამართლოს რეფორმირება მოვთხოვოთ აშშ-ს თუ როგორ დავსაჯოთ ის მოსამართლე, რომელმაც 40 წელი პატიმრობაში ამყოფა უკანონოდ ადამიანი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და დარწმუნებული ვარ, აშშ-შიც ექნებათ მსჯელობა კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კანონით გაწერილია და არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არ არის სწორი.

სხვათა შორის, თავის დროზე, 2013 წელს, როცა ჩვენ სასამართლო სისტემას ვაკრიტიკებდით, ზუსტად აშშ-ის საელჩოდან იყო მოთხოვნა, რომ არცერთი მოსამართლე სამსახურიდან არ უნდა წავიდეს მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის განაჩენები დააყენეს მათ წინა წლებში, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა და თქვეს, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყეთო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2012 წლამდე აშშ-ის საელჩოს მხრიდან მსგავსი კრიტიკული განცხადებები არ ახსოვს.

„ამის ნახევარი კრიტიკა გახსოვთ მაინც 2012 წლამდე? მე არ მახსოვს ასეთი ისტერიკები საელჩოსი, მართლა არ მახსოვს. ამას იმით ვხსნი, რომ 2013 წლიდან ზედმეტად რევერანსის მდგომარეობაში დავდექით და ის კი არ მიიღეს, რომ ეს რევერანსია, მიიღეს, რომ ეს არის ჩვენი პოზა, რომელიც უნდა დავიკავოთ. ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რევერანსად, წინამორბედებმა და ამ ადამიანმა {კელი დეგნანი} ან შეიძლება სხვა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ვალდებულება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები