ალეკო ელისაშვილი: კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
თუმცა, მისივე თქმით, შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერას ის არ აპირებს.
“სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ჩვენც ვიზიარებთ, ჩვენც ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას, დისკრეციას გამოიყენებს და გამოიყენებს შეწყალებას გვარამიას მიმართებით. ეს რაღაც ამხანაგური ხელმოწერები არ მოგვწონს და კოლექტიური საბჭოური ხელმოწერები და არ ვაწერთ, თორემ სულისკვეთებას ვიზიარებთ. დიახ, ჩვენც მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. განცხადება “ლელოს” ინიციატივით მომზადდა და მას “ნაციონალური მოძრაობა” უერთდება. ცნობილია, რომ განცხადებას არ უერთდებიან “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “მოქალაქეები”, ასევე პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრები.