რომან გოცირიძე: ყოველ ორ თვეში ერთხელ მანდატების დატოვების ძახილი ოპოზიციის სისუსტის დემონსტრირებაა
ყოველ ორ თვეში ერთხელ მანდატების დატოვების ძახილი არის ოპოზიციის სისუსტის დემონსტრირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებული ყოველი განცხადება საკანონმდებლო ორგანოს ასუსტებს.
„აბსოლუტური სისულელეა და უნდა მორჩეს ამაზე საუბარი. ყოველ ორ თვეში ერთხელ მანდატების დატოვების ძახილი არის ოპოზიციის სისუსტის დემონსტრირება. ყოველი განცხადება პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ასუსტებს პარლამენტს. ის გვასუსტებს ჩვენ, გვიკარგავს პარლამენტში მუშაობის ხალისს, გვაცლის ენერგიას, ქმნის საჩემოდანო განწყობას – „დავტოვო თუ არა?“. პარლამენტი არ არის სამშაბათობით განცხადებების გაკეთების ტრიბუნა. პარლამენტი არის რუტინა. ასე იციან ხოლმე თქმა – „პარლამენტში რა გვინდა, ამ რუტინაში?“. რას ჰქვია რა გინდა? უნდა იყო კომიტეტში, უნდა წერდე კანონებს, უნდა აკრიტიკებდე ბიუჯეტს და ამხილო ხელისუფლება“, – განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, მან ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რაღაც დონეზე, ძველი „ნაციონალების“ რეინკარნაცია იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პარტიები გვეუბნებიან, რომ გავერთიანდეთ ერთი სიის ქვეშ, ვინაიდან ბლოკები არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ერთად გავიდეთო. გამოდის, რომ ძველი „ნაციონალების“ რეინკარნაცია მოხდეს რაღაც დონეზე. რას შეგვმატებს? ეს შეგვმატებს 1%-ს ან შეიძლება 2%-ს, მაგრამ ჩვენ სხვა რამეს ვეუბნებით – მოდით, 5%-იანი ბარიერი გადალახეთ და თქვენ მოძლიერდით სხვებთან ერთად. პროპორციული არჩევნების მთელი „მუღამიც“ სწორედ ეს არის და არა ის, რომ მხოლოდ ორი პარტია უნდა იყოს და მათ ფრთებქვეშ გაერთიანდეს ყველა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.