საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოდირ-ის (ODIHR) მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა წინა წლებში ჩატარებული საპარლამენტო და თვითმმართველობების არჩევნები მიმოიხილეს და იმ საარჩევნო რეფორმაზე ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება.
„შეხვედრაზე ეუთო/ოდირ-ის მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები გავაცანი. საუბარი გვქონდა ელექტრონულ ტექნოლოგიებზე და 19 რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი მიყვება. დისკუსიის რეჟიმში სტუმრებთან საინტერესო იდეებიც გავცვალეთ. უახლოეს პერიოდში საქართველოს კიდევ ერთი მისია ესტუმრება და საშუალება მოგვეცემა, კიდევ ერთხელ განვიხილოთ აღნიშნული თემები. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირ-ის დასკვნებს, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება, ჩვენ ინტერესით დაველოდებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოდირ-ის მისიის წევრებთან ასევე მიმოიხილეს საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნები და ყურადღება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე გაამახვილეს.