„ვერ დავეხმარები ნახევარ საქართველოს“
სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი აცხადებს, რომ მას უამრავი ადამიანი აწუხებს ფინანსური დახმარებისთვის. ბიზნესმენს საკუთარ ფეისბუქის ინბოქსი სხვადასხვა სამინისტროს აგონებს, სადაც ადამიანები მას 100 – ობით წერილს უგზავნიან და დახმარებას სთხოვენ. „ჩემი ფეისბუქ ინბოქსი ჰგავს ჩვენს სამინისტროებს, ყოველდღიურად 100 – ობით წერილი შემომდის დახმარების თაობაზე, თუმცა ცხადია, ვერ დავეხმარები ნახევარ საქართველოს. თხოვნებს რაც შეეხება, ეს არის ფულადი თხოვნები – 40 000 დოლარიდან დაწყებული 3000 ლარით დამთავრებული, ასევე სპორტსმენებისგან მათი უცხოეთში გაგზავნისა და სპორტული კარიერის ხელშეწყობის თაობაზე, ბინის ყიდვები, სახლში გათბობის დამონტაჟების, ოპერაციების, დასაქმების, საქველმოქმედო ორგანიზაციების და რა აღარ. გული მტკივა, რომ ხალხი ასეთ დღეშია… და თან მიკვირს რატომ, რატომ არ იციან, რომ ბიზნესმენი ვერ იქნება დედა ტერეზა და დედა ტერეზა ვერ იქნებოდა ბიზნესმენი… ქართული ოცნება არ არსებობს, არც უცხოური, არსებობს მხოლოდ საკუთარ თავებზე პასუხისმგებლობის აღება…“ – წერს ბიზნესმენი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.