ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში არსებულმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა.
„სამოქალაქო ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი ჩართული იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ კუთხით, განათლებაზე და სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს მდგრადი, ერთიანი, ჰარმონიული, სწორედ ხელმისაწვდომობაა მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურია საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოყენებაში. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებიც თემატური მოკვლევის შედეგად იქნა წარმოდგენილი. „ღრმა კვლევას ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ შემოწმდეს რამდენად მუშაობს პოლიტიკა, რომელიც პარლამენტს, განათლების სამინისტროს აქვს ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. რა კორექტივებია საჭირო და რა მიგნებებია. მნიშვნელოვანია, რომ უკვე საპარლამენტო ზედამხედველობის ჭრილშიც, კომიტეტმა თვალყური მიადევნოს ამ რეკომენდაციების შესრულებას და ცხოვრებაში გატარებას. ჩვენ, ერთობლივად, პარლამენტმა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა ვიზრუნოთ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ნაყოფიერი მუშაობისთვის და ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტს კვლევაში გაწეული დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა. მოკვლევის მიზანს ეთნიკურ უმცირესობათა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენის სწავლების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესწავლა და მათ საპასუხოდ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებისთვის რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენდა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამ მოკვლევამ გვიჩვენა, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ არის რიგი მიმართულებები, დაკავშირებული დაფინანსების სისტემასთან, ეთნიკური უმცირესობებისთვის კვოტირების სისტემასთან და სკოლაში ბილინგვური განათლების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უფრო მეტ მხარდაჭერას საჭიროებენ. ამ სამივე მიმართულებით გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სწავლების ხარისხის ერთიორად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ბაია კვიციანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, აღმასრულებელი ხელისუფლების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოკვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნო. მისი თქმით, შემოსული მოსაზრებების ანალიზისა და ჩატარებული კვლევების შედეგად, შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც გაწერილია კონკრეტულ ვადებში.

„დასაბუთებული მოსაზრებები მივიღეთ აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი, ასევე შერეული სექტორის მქონე საგანმანათლებლო სასწავლებლებიდან, რომლებსაც აქვთ ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამა ქართულ ენაში. კვლევა მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში.
თითქმის ყველა მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს ვესტუმრეთ. რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, ნამდვილად საგულისხმოა. ყველა რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არის შეთანხმებული და გაწერილია ვადებში. ჩვენ რეკომენდაციების შესრულების ნაწილშიც ვიქნებით ჩართულნი”, – განაცხადა ბაია კვიციანმა.

მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა დაინტერესებულ პირებთან გამართა 14 ზეპირი მოსმენა და სამუშაო შეხვედრა. შეხვედრები გაიმართა როგორც ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციების წარმომადგნელებთან, ასევე მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები