გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს  ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ექსპერტების მიერ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს, თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით ჰიდროლოგიური გაზომვების და მონაცემების დამუშავების-ანალიზის მიმართულებით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ექსპერტების მიერ თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწავლება მიმდინარე პროექტის „ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკის და გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს (NVE) შორის: განახლებადი ენერგია – ჰიდროენერგია – ჰიდროლოგია – კლიმატი“  ფარგლებში გაიმართა.

„ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი გააუმჯობესებს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების ფონზე არსებული წყლის რესურსების შესახებ არსებულ ინფორმაციას. ასევე, იგი ხელს შეუწყობს ხარისხიანი ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პროგნოზებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის ეფექტიანობას. აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, გასულ წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადმოეცა,  რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სააგენტოს შესაძლებლობებს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ფიცხელაურმა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხარისხიანი ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვებას, რაც, გააუმჯობესებს წყლის რესურსებისა და სტიქიური ჰიდროლოგიური მოვლენების (წყალდიდობა, გვალვა) ეფექტიან მართვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები