საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ქართული საფორტეპიანო მინიატურის საღამოს უმასპინძლებს
„სიყვარულით საქართველოსთვის“ – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ქართული საფორტეპიანო მინიატურის საღამოს უმასპინძლებს. გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის, გიორგი შავერზაშვილის, კახა ცაბაძისა და სხვა ქართველი მუსიკოსების ნაწარმოებებს – სოლო ფორტეპიანო და საფორტეპიანო დუეტებს ქართველი საზოგადოებისთვის გამორჩეული ქართველი მუსიკოსი, პიანისტი თამარ ბარდაველიძე-თორე თავის სტუდენტებთან ერთად წარადგენს. ქართულ ნაწარმოებებს შეასრულებს ლონდონში მოღვაწე ცნობილი პიანისტი – ნილ დუ ფრიზიც, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში ეწვია.
„სიყვარულით საქართველოსთვის“ – პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა პიანისტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე – გოგა შავერზაშვილი, კომპოზიტორი კახა ცაბაძე და კონსერვატორიის ღვაწლმოსილი პროფესორი – ალექსანდრე გარბერი.
აღსანიშნავია, რომ თამარ ბარდაველიძე-თორე წარმატებით მოღვაწეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ბილკენტის კონსერვატორიაში, სადაც უძღვება საფორტეპიანო კლასს. ის აქტიურად ეწევა ქართული პროფესიული მუსიკის პროპაგანდას თურქეთსა და ევროპაში, რაც ხელს უწყობს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
საკონტაქტო:
595 57 43 48 თამუნა ბარდაველიძე–თორე
595 57 43 49 მუსტაფა თორე