შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებით რწმუნებულს შეხვდა
კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ახალ დანიშნულ საქმის დროებით რწმუნებულს, კიმ ტონგ ოპისთან გაცნობით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეებზე ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ერთობლივი პროექტი განხორციელდა და ორივე ქვეყანა მზაობას გამოთქვამს ეს ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიური და მრავალფეროვანი გახდეს. შოთა ხაბარელმა კორეელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის საგამომცემლო სტამბისთვის კორეის მხარის მიერ უანგაროდ გადაცემული ტექნიკური აპარატურისთვის მადლობა გადაუხადა და კორეის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.
მისივე თქმით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უახლოეს პერიოდში კორეის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება გაიმართება. შოთა ხაბარელის და კიმ ტონგ ოპისის შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი ბიზნეს პროექტების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საკითხები და ორმხრივი პირდაპირი ავია მიმოსვლის თემები მიმოიხილეს. შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის შემდგომ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.