„ამ პაემანზე კი, შეხედეთ, რამდენი მოვიდა“! – ყველა თაობის საერთო ფოტო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან, მისი გაყიდვის შემდეგ

„მე არ ვიცი, რომელ მაყუთიან „გენიოსს“ მოეპრიანა ამ ადგილზე სასტუმროს აშენება, მაგრამ აშკარად ცუდი იდეა რომ არის, ვიცი… ქვეყნის პირველი ტელევიზიის ეს შენობა თბილისის სავიზიტო ბარათია და აქ მისი განახლებული ვერსია უნდა მდგარიყო“! – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის (აწინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის) შენობის გაყიდვის გამო ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი სტატუსს აქვეყნებს. იგი, ასევე, მადლობას უხდის ჟურნალისტს გრიგოლ ჩიგოგიძეს იდეისთვის, რომ ტელე და რადიომაუწყებლობის შენობასთან ყველა თაობას გადაეღო  საერთო სამახსოვრო ფოტო.
„2022 წლის 26 ოქტომბერი – გუშინ დიდი დღე იყო, დიდი… ორ მოუსვენარ, კრეატიულ ადამიანს, ორ მაგარ ბიჭს –  გრიშა ჩიგოგიძეს და ბადრი ვადაჭკორიას გაუჩნდათ იდეა, რომ სანამ ტელევიზიის პირველი არხის შენობა ჯერ ისევ აქ დგას, შეეკრიბათ ტელე-რადიო პირველი არხის ყველა თაობის თანამშრომლები და შენობის ფონზე ისტორიული ფოტო გადაეღოთ. რახან ასე უცებ, ერთ საღამოს ავარდა ეს „პონტი“, ეჭვობდნენ, რომ ცოტა თუ მოახერხებდა მოსვლას. ცოტა არა, მაგრაააამ… თითქმის ყველა მოვიდა!  მე არ ვიცი, რომელ მაყუთიან „გენიოსს“ მოეპრიანა ამ ადგილზე სასტუმროს აშენება, მაგრამ აშკარად ცუდი იდეა რომ არის, ვიცი… ქვეყნის პირველი ტელევიზიის ეს შენობა თბილისის სავიზიტო ბარათია და აქ მისი განახლებული ვერსია უნდა მდგარიყო!
იყო დრო, ყველა გაბრაზებული ქართველი აქ მოდიოდა და ტელევიზიას კონსერვის ქილასავით ესროდა ქვას ან ტყვიას – ჰოდა, ყველას გადაურჩა… მერე, უფრო გაბრაზებული ხალხი მოვიდა და თქვა: „წარსული ძაან  ფინთი  რამეა და უნდა ჩავრეცხოთ ყველასა და ყველაფერთან ერთად, რაც მას უკავშირდება“!
მაშინ შენობიდან ბევრი ღირსეული ადამიანი უღირსი ფორმით გააგდეს (მაგრამ საბოლოოდ ვინ ჩაირეცხა, კარგად იცით!).
ამ პაემანზე კი, შეხედეთ, რამდენი მოვიდა! საქმის მცოდნე, პროფესიონალები და უბრალოდ, კარგი ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე წერდნენ ამ ქალაქის, ქვეყნის ისტორიას. ამ შენობის დერეფანში ყველანი ერთმანეთის ახლობელი და მშობლიური ადამიანები ვიყავით…. დრო გავა და აქ ალბათ ბევრვარსკვლავიანი „ფეშენ“  „ჰოტელი“  წამოიჭიმება და მერე, კოსტავას №68 – უბრალოდ, მეგაპოლისის ერთ – ერთ რიგით ადგილად იქცევა, ტელევიზიისგან განსხვავებით, რომელიც თბილისის ისტორიული ადგილია და სადაც წლების მანძილზე ისმოდა ფრაზა: „ლაპარაკობს და უჩვენებს პირველი არხი“! მადლობა ამ დღისთვის“, – წერს თეონა გოგნიაშვილი.
საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის (აწინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის) შენობა გაიყიდა.
ამის შემდეგ გრიგოლ ჩიგოგიძემ ფეისბუქის გვერდზე საინტერესო იდეა გაახმოვანა – ტელე და რადიომაუწყებლობის შენობასთან, კიბეებთან, ყველა თაობა შეკრებილიყო და   საერთო ფოტო გადაეღო.
„თბილისის საპატიო მოქალაქე ფოტოხელოვანი, ჩვენი ბადრი ვადაჭკორია მზად არის ამ დიდ საქმეში გაგვიწიოს დახმარება. მაშ ასე: 2022 წლის.26 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14 საათზე, შევიკრიბოთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ კიბეებთან.
მოვეფეროთ ერთმანეთს, გავიღიმოთ, ჩიტებიც გავაფრინოთ და კარგი სურათიც გამოვა“, – წერდა გრიგოლ ჩიგოგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები