გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის შეხვდნენ.
განხილვის მთავარ საკითხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. ქართველმა კანონმდებლებმა სტუმარს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესი, სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნეს.
შეხვედრისას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღინიშნა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე ფინეთის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. შეხვედრისას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აღინიშნა.
ნინა ვასკუნლაჰტიმ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ, საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ფინეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.
შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარება.
მხარეებმა ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და რეგიონში არსებული გამოწვევები მომოიხილეს. ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და უკრაინის დასახმარებლად საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებაზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკას და ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
მხარეები, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.