სააკაშვილმა პირად და ოჯახის ხარჯებს გრიფი “საიდუმლო” დაადო – პროკურატურის განცხადება (ვიდეო)
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად ცნო. როგორც მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯები.
„დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
გამოძიებით დადგენილია შემდეგი:
2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება. ამის შემდეგ, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტის და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტი დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და იგი ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.
დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას.
თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის “საიდუმლო’’ განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილ იქნა ჯამში 5 952 500 ლარი. ასევე, მიხეილ სააკაშვილის გრიფით ,,საიდუმლო’’ განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს – 3 340 728 ლარი, 2011 წელს – 4 654 100 ლარი და 2012 წელს – 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.
ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია პროკურატურია განცხადებაში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HukO7JUpQbc” width=”560″ height=”315″]