თბილისში, საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი აღნიშნეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და ფინეთს შორის ჩამოყალიბებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა, რომლებიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

„ჩვენი მეგობრობისა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მრავალგანზომილებიანი ურთიერთობების სამმა ათწლეულმა მოგვიტანა მრავალი ხელშესახები შედეგი და მყარი საფუძველი ჩაუყარა ამ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, განსაკუთრებით პოლიტიკის, ეკონომიკის, კიბერუსაფრთხოების და განათლების სფეროებში, ისევე როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების კუთხით,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ყურადღება გაამახვილა ფინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ფინურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ ფინეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერას.

„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო-ფინეთის მეგობრობასა და მომავალ თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთო გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყოს უფრო მშვიდობიანი და ნათელი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი,“ – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები