დიმიტრი გვრიტიშვილი: არასამთავრობო სექტორი აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობაა, კლანური პრინციპით ფორმირებული

გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობაა, რომელიც კლანური პრინციპით არის ფორმირებული.

„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება – ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?! სერიოზულად განიხილავთ ამას ?!

ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ რეფორმების მიმართ ვართ ღია და მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. იმ რეკომენდაციების პუნქტის შინაარსის არასწორი განმარტება ხდება. იქ არის საუბარი იმაზე, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს საბჭოს ანგარიშვალდებულება და კიდევ უფრო ღია გახდეს, რაც ჩვენთვის მისაღებია.

ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები