გივი მიქანაძე „Erasmus+ ახალგაზრდობა” პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი – გივი მიქანაძე ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, Erasmus + ახალგაზრდული პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, გივი მიქანაძემ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების სფეროში არაფორმალურ განათლებაზე, ახალგაზრდობის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე. გივი მიქანაძემ სტუმრებს ქვეყანაში ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ესაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული 12-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობაზე და ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. Erasmus + ახალგაზრდული პროგრამა, ადამიანის უფლებების სფეროში განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
დღევანდელ შეხვედრაში საფრანგეთის, ესპანეთის, სომხეთის, ნიდერლანდების და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.