„სახალხო დამცველის რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებები უპატივცემულო და გაუგებარი აღმოჩნდა“ – არჩილ კაიკაციშვილი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განაცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ თავად საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებები უპატივცემულო და გაუგებარი აღმოჩნდა. ამის შესახებ კაიკაციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაიკაციშვილმა ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.
„საქართველოს სახალხო დამცველის რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ თავად საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებები უპატივცემულო და გაუგებარი აღმოჩნდა. სწორედ თავდაპირველი პოლიტიკური შეთანხმება, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი არანაკლებ 7 კანდიდატის ნომინირებას მოახდენდა, უარგუმენტოდ უარყოფილი იქნა. მაშინ, როდესაც სხვადასხვა კანდიდატი საპარლამენტო პარტიებთან საკონსულტაციო შეხვედრებს მართავდა, საკუთარ ხედვას აცნობდა და აღნიშნული პროცესი დასრულებული არ იყო, პ/გ „ლელო“, პ/გ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდ აკეთებდნენ განცხადებას და მიუთითებდნენ, რომ სამოქალაქო სექტორიდან წარდგენილი სამი კანდიდატურის ნომინირებას მოახდენდნენ. ასეთმა მიდგომამ სხვა კანდიდატების ხედვის უგულებელყოფა და ხელისუფლებაზე გავლენის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირდაპირი ალიანსი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიძინა პარტიების აღქმებმა, თუ ვინ მიაჩნიათ პოლიტიკურ პროცესებში მოკავშირე ჯგუფებად, რაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, თუ ადამიანებს მკვეთრად ყოფს და განასხვავებს. ასეთ ვითარებაში შერჩეულ და ნომინირებულ კანდიდატებს, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის ხარისხი, საზოგადოებრივი, საყოველთაო ნდობა არ გააჩნიათ, აღნიშნული ვითარება ომბუდსმენის ინსტიტუტს ისევ პოლიტიკური სუბიექტების გარიგებების შემადგენელ ნაწილად აქცევს“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.