სოზარ სუბარი: ვინც დღეს „ხალხის ძალას“ შემოემატა, არის მართლა დაფასებული ადამიანი თავის მუნიციპალიტეტსა თუ რეგიონში

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც “ხალხის ძალას” შეემატნენ, თავიანთ რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში დაფასებულები არიან.

„დიდი ხანია, ვმუშაობთ ხალხის შემომატების თემაზე, ძალიან ბევრი იყო მსურველი და თითოეული მათგანი, ვინც დღეს „ხალხის ძალას“ შემოემატა, არის მართლა დაფასებული ადამიანი თავის მუნიციპალიტეტსა თუ რეგიონში. ეს არის ხალხი, ვისაც ხალხი იცნობს და პატივს სცემს. ასე რომ, ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის ეს შემომატება. ჩვენი მიზანი და სურვილი იყო, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გვყოლოდა ჩვენი წარმომადგენელი და დღეს პრაქტიკულად, ჩვენ მოვიცავით როგორც ყველა საკრებულო, ისე მერიები, სხვა და სხვა საჯარო სამსახური, უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც არიან ავტორიტეტულები და პატივცემულები.

​სამომავლო გეგმებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. როცა საზოგადოებრივი მოძრაობა დავაფუძნეთ, ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას, პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას, თუმცა, ჯერ ისევ ამ ეტაპზე ვართ და ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, “ხალხის ძალას” 200-მდე ახალი წევრი შეემატა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები