დიდ ბრიტანეთში მინისტრი დაბალი ხელფასის გამო გადადგა
დიდ ბრიტანეთში მინისტრი დაბალი სახელფასო ანაზღაურების მიზეზით გადადგა. ეს გახლდათ აფრიკის საკითხთა მინისტრი მარკ სიმონდსი, რომელიც ასევე პარლამენტის წევრია. სიმონდსის განცხადებით, არ ჰყოფნის შემოსავლები იმისთვის, რომ ლონდონში ოჯახთან ერთად იცხოვროს. როგორც : Daily Mail-ი წერს, მინისტრის ხელფასი წლიურად 89,5 ათას ფუნტს სტერლინგს ( დაახლოებით 150 ათასი აშშ დოლარი ) შეადგენს. გარდა ამისა, ლონდონში საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად, ფულადი დახმარების სახით მას 28 ათას ფუნტს უხდიან. სიმონდსის მეუღლე ელისაბედი მის მდივნად მუშაობს და 25 ათას ფუნტს იღებს. სიმონდსის სიტყვებით, მის მსგავსი პრობლემა აქვთ პარლამენტის ზოგიერთ წევრებსაც, მაგრამ მათ ერიდებათ ამის შესახებ სახალხოდ განცხადების გაკეთება, რადგან ეშინიათ, რომ ხელმომჭირნეებად ჩათვლიან. სიმონდსმა კი გადაწყვიტა დაერღვია დუმილი და ღია განცხადება გააკეთებინა. „კომპენსაცია, რომელსაც საცხოვრებლის არენდისათვის გვიხდიან, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვესტმისტერის სიახლოვეს ისეთი ბინა ვიქირაოთ, რომელიც შესაფერისად დიდი იქნება იმისთვის, რომ ჩემი ბავშვებიც განთავსდნენ. ამიტომაც მე სასტუმროში ვცხოვრობ. და ეს მე საშინლად არ მომწონს“, – განაცხადა მან. ზოგიერთმა კოლეგამ მხარდაჭერა გამოუცხადა სიმონდს. თუმცა ეს განცხადება არ მოეწონათ „გადასახადის გადამხდელთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, რომელთა ხელმძღვანელმა ენდი სილვესტრმა მას „სასაცილო„ უწოდა. სილვესტრის აზრით, 30 ათასამდე ფუნტი სტერლინგი სრულიად საკმარისია, ლონდონში შესაფერისი საცხოვრებლის დასაქირავებლად. „პარლამენტარების ანაზღაურება – გულუხვობასაც კი სცილდება. ასე რომ, პარლამენტის წევრის ასეთი საჩივარი ნამდვილად არ მოუტანს მას ამომრჩევლების ნდობას. გასაკვირი არაა, რომ ბევრი მოქალაქის აზრით, ზოგიერთმა პოლიტოკოსმა რეალობასთან კავშირი დაკარგა“, – განაცხადა სილვესტრმა. დიდი-ბრიტანეთის პრემიერმა უკვე დააკმაყოფილა სიმონდსის გადადგომის მოთხოვნა. მის პოსტს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს დედრიჯი დაიკავებს.
მომზადებულია dailymail.co.uk -ის მასალებზე დაყრდნობით.