ირაკლი ბერაია: სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

„უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეგობარი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას განცხადებით, საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც ჰუმანიტარული კუთხით, ასევე, პოლიტიკურად. ამასთან, საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, ყველა თვალსაზრისით ვეხმარებით, როგორც პოლიტიკურ განზომილებაში, ასევე, ჰუმანიტარული კუთხით. ბოლო ნაბიჯი, რაც ვიხილეთ, არის მანიფესტაცია და კულმინაცია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იმ რიტორიკის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ასევე, რეგიონში სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების დაცვა. რეგიონში ნებისმიერი სახის ესკალაცია საქართველოს წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს, ასევე, პარტნიორების ინტერესებს. შესაბამისად, ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლიანი სუბიექტი. დედამიწის ზურგზე ვინც არ უნდა მოინდომოს, საქართველო მეორე ფრონტს არ გახსნის, ომში არ ჩაერთვება და ამისთვის ბოდიშსაც არავინ მოიხდის. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნების მინიშნებები ან ღია ნარატივი, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის მეგობარი, პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ უკრაინა არის მძიმე დღეში, ომის პირობებში, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა ეს დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, ერთმანეთთან დავსხდეთ და გავზომოთ ნაბიჯები, ვის ვისთვის აქვს უფრო მეტი ზიანი მიყენებული, უფრო მეტი პრობლემები შექმნილი და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატული“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს: ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები