გამახარია – „სოხუმსა და მინსკს შორის გამართულ ტელეხიდში მხარეების დიალოგი იყო იმაზე, თუ რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი“
ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ერთგვარი გაგრძელება მოჰყვა, გუშინ სოხუმსა და მინსკს შორის მრგვალი მაგიდა გაიმართა, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარიას თქმით, აუცილებელია ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ურთიერთობა, რომელსაც სათავე ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტმა დაუდო, აფხაზეთის დე იურე აღიარებაში არ გადაიზარდოს.
„მინდა, ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო: ეს გუშინდელი ამბავია. ლუკაშენკოს ვიზიტი დიდი ხანია, დასრულდა და შესაბამისი შეფასებებიც მიეცა. დღეს ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ გუშინ, სამწუხაროდ, ამ ვიზიტს სოხუმსა და მინსკს შორის მრგვალი მაგიდის გამართვის სახით ერთგვარი გაგრძელება მოჰყვა. ბელარუსის მხრიდან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, თავმჯდომარის მოადგილემ მიიღო. ეს პარტია პარლამენტში ერთი დეპუტატითაა წარმოდგენილი, მაგრამ თავის გავლენით ბელარუსში მესამეა. ტელეხიდში, რომელიც გუშინ მინსკსა და სოხუმს შორის ჩატარდა, კიდევ ერთი პარტიის ლიდერი მონაწილეობდა, პარტიას „მამულისთვის“ ჰქვია. აფხაზური მხრიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ერთი მხრივ, კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ არცერთი მხარე აფხაზეთის აღიარების აუცილებლობაზე არ საუბრობდა. ორივე მხარის დიალოგი მიმართული იყო იქითკენ, თუ რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი, რა ცუდია, რომ დაინგრა, რა კარგი იქნება, თუ აღდგება, ერთად ყოფნა კარგია, რადგან დასავლეთი გვიტევს, ამიტომ იძულებულები ვართ გავერთიანდეთ, აფხაზეთი ბელარუს-რუსეთის კავშირში უნდა შევიდესო. ამის ყურება დამთრგუნველი იყო. ადამიანები 70- 80-იანი წლებიდან არ არიან გამოსულები. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ ეტაპზე ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ეკონომიკური კავშირები დალაგდეს. ამის შესახებ ლუკაშენკომაც ისაუბრა, როცა ბჟანიას შეხვდა. გუშინდელ დიალოგში დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხებოდა. აუცილებელია ქართული დიპლომატიის აქტიური მეცადინეობა იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა, რომელსაც სათავე აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტმა დაუდო, აფხაზეთის დე იურე აღიარებაში არ გადაიზარდოს. ეს საფრთხე არსებობს“, – განაცხადა გამახარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში Sputnik-ის პრესცენტრში სოხუმ-მინსკის ვიდეოხიდი გაიმართა თემაზე „ბელარუსი – აფხაზეთი: ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები“ შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი, ასევე, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონული უსაფრთხოების საერთო მონახაზი განიხილეს.
ვიდეოხიდის მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო ურთიერთქმედება რუსეთსა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან.
სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ოლეგ დამენიამ აღნიშნა, რომ როგორც “აფხაზეთს, ასევე, ბელარუსს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ”.
“ბელარუსი რუსეთს საფრთხეებისგან დასავლეთის მხრიდან იცავს, ხოლო აფხაზეთი სამხრეთის მხრიდან. ასე რომ, გეოპოლიტიკური ვითარება და პოლიტიკის ჭრილში ბელარუსისა და აფხაზეთის პოზიცია, უდიდეს როლს თამაშობს“, – განაცხადა დამენიამ.
ის დარწმუნებულია, რომ “სურვილის საწინააღმდეგოდ, დასავლეთი, რომელიც რუსეთს ყველა მხრიდან სამხედრო საფრთხეს უქმნის, უბიძგებს აფხაზეთს და ბელარუსს გაერთიანებისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ”.