ISW: ირანელი სამხედროები ყირიმში რუსებს კამიკაძე-დრონების გამოყენებას ასწავლიან

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იმყოფებიან, სადაც რუს სამხედროებს ე.წ. კამიკაძე-დრონების – “შაჰედ-136″(Shahed-136) გამოყენებას ასწავლიან.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკურ ანგარიშშია ნათქვამი.

“უკრაინაში ირანული პერსონალია, სავარაუდოდ, დრონების ინსტრუქტორები არიან. ირანელი ინსტრუქტორები, სავარაუდოდ, თავად მართავენ ამ დრონებს, ან ასწავლიან რუს სამხედროებს მათ გამოყენებას”, – ნათქვამია ISW ანგარიშში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან რუსულმა ჯარებმა ათობით “შაჰედ-136” გაუშვეს უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ოკუპანტები უპირატესობას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტულ გავლენას ანიჭებენ და არა – ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას.

ცნობისთვის, რაც შეეხება ირანულ დრონებს, რომლებსაც ბოლო ერთი თვეა, რუსები უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ, სხვადასხვა შეფასებით, თეირანმა რუსეთის 300-მდე ასეთი იარაღი მიჰყიდა, თუმცა ირანში ფაქტს უარყოფენ. დრონების შესყიდვის საკითხს ასევე არც კრემლში ეხმიანებიან. ამ დროს, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ირანი რუსეთში იარაღის ექსპორტს ახორციელებს.

18 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის წინადადებით მიმართა.

უკრაინის პირველი პირის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები