„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!” – თამაზ გაიაშვილი

როგორ მოხერხდა და რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში იმგვარი ვითარების ჩამოყალიბება, რომ კრიზისებით მოცულ გარე სამყაროსთან შედარებით ეს პატარა და უმწეო ქვეყანა მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგვარ ოაზისად გამოიყურება? ყოველგვარი მიკერძოებისა და სუბიექტური დამოკიდებულებების გარეშე, თამამად შეიძლება, განვაცხადოთ, რომ ეს მთავრობის სწორი გენერალური მიმართულების დამსახურებაა, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი, თამაზ გაიაშვილი აღნიშნავს და მსოფლიოში მიმდინარე მძიმე კრიზისის ფონზე საქართველოში შენარჩუნებულ სიმშვიდესა და სტაბილურობაზე საუბრობს.

გაიაშვილის შეფასებით, მთავრობამ სწორი და ადეკვატური პოლიტიკა აწარმოა, როცა არ აჰყვა პროვოკაციებს და ქვეყანაში არათუ სტაბილურობა შეინარჩუნა, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

„მსოფლიოში შექმნილი უმძიმესი ვითარების მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა, მაშფოთებს ის, რაც შესაძლებელია, საქართველოში დატრიალდეს. ამიტომაც, თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ ჩემს თანამემამულეებს, ვისთვისაც სულერთი არ არის, თუ როგორი იქნება ქვეყნის მომავალი.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მძვინვარებს; ჩვენს უშუალო მეზობლებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი ხან იფეთქებს, ხან შეწყდება, მაგრამ დაძაბულობა მუდმივად შენარჩუნებულია; ევროპა უმძიმეს კრიზისში შედის; მსოფლიო კი გლობალური ომის რეალური საშიშროების წინაშე დგას. ეს საშიშროება დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე 1962 წელს, კარიბის ცნობილი კრიზისის პერიოდში იყო.
ამ დროს გადახედეთ საქართველოს და აღმოაჩენთ, რომ არანაირი ახალი პრობლემა და კრიზისი აქ არ წარმოქმნილა. მეტსაც მოგახსენებთ: ევროპასა და თვით აშშ-ში სულ უფრო მზარდი ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, საქართველო დადებითი ტენდენციებით გამორჩეულ სახელმწიფოდ ყალიბდება. ეკონომიკური ზრდა ოც პროცენტს აღწევს, რამაც მთავრობას ხელფასებისა და პენსიების ზრდის საშუალება მისცა. ევროპაში მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საქართველოში ენერგომატარებლების მიწოდებაში არანაირი კრიზისი არ შეიმჩნევა და მოახლოებულ ზამთარს ხალხი მშვიდად ხვდება. ვიღაცამ შესაძლებელია, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები შეგვახსენოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ფასების დადგენა საქართველოში კი არ ხდება, საერთაშორისო ბაზარზე ვითარებით განისაზღვრება. OPEK-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით ნავთობის ამოღება დღე-ღამეში ორი მილიონი ბარელით შემცირდება, რამაც ნავთობით მოვაჭრე ბირჟებზე ფასების ნახტომისებური ზრდა უკვე გამოიწვია. ბუნებრივია, რომ ეს საქართველოში არსებულ ფასებზეც აისახება, მაგრამ მე ფასებზე კი არა, მოსახლეობისთვის ამ პროდუქციის შეუფერხებელ მიწოდებაზე მოგახსენებთ იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის მთელ ევროპაში საწვავის ლიმიტირებული რაოდენობით გაცემა ხდება და თანაც უზარმაზარი რიგები დადგა. თვითონ ის ფაქტი, რომ მეზობელ სახელმწიფოებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო გადაადგილებულთა ნაკადის დიდი ნაწილი საქართველოსკენ მოისწრაფვის, უკვე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეზე.
ჩნდება სრულიად ლოგიკური შეკითხვა: როგორ მოხერხდა და რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში იმგვარი ვითარების ჩამოყალიბება, რომ კრიზისებით მოცულ გარე სამყაროსთან შედარებით ეს პატარა და უმწეო ქვეყანა მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგვარ ოაზისად გამოიყურება? ყოველგვარი მიკერძოებისა და სუბიექტური დამოკიდებულებების გარეშე, თამამად შეიძლება, განვაცხადოთ, რომ ეს მთავრობის სწორი გენერალური მიმართულების დამსახურებაა:

მთავრობა არ აჰყვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის საქართველოს შეერთების პროვოკაციულ მოწოდებებს, რომლებიც გაუთავებლად კეთდებოდა;
არ აჰყვა მოწოდებებს, რომლებიც ქვეყნის გარედან და შიგნიდან ორკესტრირებულად გაისმოდა და ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორების“ მხრიდან არნახული ზეწოლის პირობებშიც კი არ გახსნა რუსეთთან მეორე ფრონტი, რომელიც დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა საქართველოსთვის;
არ აჰყვა უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად ოფიციალური და არაოფიციალური შენაერთების გაგზავნის პროვოკაციულ მოწოდებებს, რაც საქართველოს სრული კატასტროფის წინაშე დააყენებდა.
ეს ყველაფერი საქართველოს გადარჩენის კეთილშობილური იდეით შთაგონებული ბრძნული გადაწყვეტილებები იყო, რაც საქართველოს ისტორიას ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში ლავირების დიდი ნიჭისა და მაღალი დიპლომატიის ნიმუშად შემორჩება.

ისტორიულ ქარტეხილებში პიროვნებათა როლი რომ დიდია, ცნობილი ფაქტია.

საქართველოს გადარჩენის საქმეში განუზომლად მაღალია ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძნულ შეგონებებათა და ეპისტოლეთა როლი, რომლებიც ღვთაებრივი ძალმოსილებითაა შთაგონებული და გასხივოსნებული, მაგრამ ლოცვებსა და შეგონებებს მხოლოდ მაშინ აქვთ ძალა, როდესაც ხალხში გამოჩნდება ის საერო წინამძღოლი, ვინც სიბრძნეს მოქმედებად აქცევს. ღმერთმა ინება, რომ ქვეყნისათვის საბედისწერო პერიოდში, როდესაც საქართველო საბოლოოდ უნდა დამდგარიყო იმ დამანგრეველ გზაზე, რა გზაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინა დააყენა, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მისი მშობელი ერის სამშვიდობოს გაყვანის ურთულესი მისია იკისრა და წარმატებითაც ართმევს თავს. აქაც შემედავებიან და მეტყვიან, ივანიშვილი აკი აღარ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებშიო. ივანიშვილი შესაძლებელია, მართვაში არ მონაწილეობს, მაგრამ მმართველი პარტია ხომ მის მიერ ჩამოყალიბებული „ქართული ოცნებაა“, რომელიც აქამდე ახერხებს ქვეყანა გლობალურ კატაკლიზმებს და სამხედრო-პოლიტიკურ ცუნამებს აარიდოს. ისეთი შორსგამხედვარე და უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პიროვნება კი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, დარწმუნებული ვარ, საკუთარ ხალხს და მთავრობას იმ რჩევის მიცემას არ დააყვედრებს, რაც ესოდენ საჭიროა გადარჩენისთვის.
უცნაური ხალხი ვართ ქართველები:

მეთვრამეტე საუკუნეში ერეკლე მეორე გვყავდა, რომელსაც გონიერი ნაწილი საქართველოსი ერეკლე გადამრჩენელს უწოდებს, მაგრამ უგუნური ნაწილი დღემდე მისი ისტორიული გადაწყვეტილების რევიზითაა დაკავებული;

მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გვიბოძა უფალმა და ტყვიით შევუნგრიეთ გული, რომელიც სამშობლოსთვის უძგერდა;

მეოცე საუკუნეში სტალინი მოგვევლინა, რომელმაც მსოფლიო ომში გამარჯვებით პლანეტაზე ახალი წესრიგი შექმნა, მაგრამ ქართველები დღემდე ხელებს ვასავსავებთ, ჩვენი არ იყო და საქართველოსთვის ბოროტების გარდა არაფერი მოუტანიაო;

ოცდამეერთე საუკუნეში ბიძინა ივანიშვილი გვყავს, რომელმაც ჩვენ თვალწინ, ყველას დასანახად სამშობლოსთვის თავგანწირვის განსაცვიფრებელი მაგალითი გვიჩვენა, როდესაც ქვეყნის გარედან მოსულ დირექტივას, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იყო, საკუთარი სიცოცხლით რისკის ფასად წინ აღუდგა. ჩვენში კი კვლავაც არიან ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიუღებლობას ქადაგებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა კუმირი ჰყავთ, ვისგანაც პირად კეთილდღეობას მოელიან და სულაც არ ენაღვლებათ როგორი იქნება ქვეყნის მომავალი.

დღეს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რასაც ალტერნატივა არ აქვს, მხოლოდ სიბრძნით და გმირობითაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა გმირების დაფასებასაც გმირობა სჭირდება. ამიტომაც მოგიწოდებთ: არა შიშველი ემოციით, არა გარედან თავსმოხვეული დავალებებით, არამედ ცივი გონებითა და ღრმა ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით ვიხელმძღვანელოთ დასკვნების გამოტანაში, მიღწეულის თუ ვერმიღწეულის შეფასებაში, საქვეყნო პოზიციის შემუშავებაში, არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავს თამაზ გაიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები