სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, სამ სხვადასხვა თეატრში კონკურსი ცხადდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება; სსიპ ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი და სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელთა სამხატვრო ხელმძღვანელებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 3 იანვარს ეწურებათ.
„სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალურ სფეროში მომუშავე იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
კანდიდატი ვალდებულია, წარმოადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც უნდა ახსნას, როგორ წარმოუდგენია თეატრის განვითარება; როგორ შესთავაზებს თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლებს საზოგადოებას; როგორ შეუწყობს ხელს თეატრი ახალგაზრდა მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, თეატრის მხატვრებსა და სხვა პროფესიონალებს; ასევე, როგორ გეგმავს თეატრის მონაწილეობას ქალაქისა თუ რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებაში და სხვა.
თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება (იხ. https://cutt.ly/cYbYx8Z). დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
დებულების თანახმად, სამინისტრომ კანდიდატებს შორის უნდა შეარჩიოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი კანდიდატისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იქნება მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალურ ელფოსტაზე – info@culture.gov.ge.
ინფორმაცია კონკურსის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/EYOmnVc

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები