გივი მიქანაძე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რენატა ლევოვსკის და პროგრამების მენეჯერს, დავით ღონღაძეს შეხვდა.

პარლამენტის წევრმა სტუმრებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა და საარჩევნო კოდექსის ძირითადი ცვლილებები გააცნო.

გივი მიქანაძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეჯერებულ ცვლილებების პროექტზე და საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მისი განხილვის საკითხებზე ისაუბრა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი, შესაბამისი დასკვნისთვის, ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული შეფასებების მიღების შემდეგ, პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ცვლილებების პროექტს სამივე მოსმენით მიიღებს. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საარჩევნო კანონმდებლობის პროექტი პოზიტიურად შეაფასეს. შეხვედრაზე რენატა ლევოვსკიმ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების მიღმა, საარჩევნო საკითხებზე დამატებით სხვა ცვლილებების მომზადების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შემოთავაზებულ წინადადებაზე გივი მიქანაძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტი წარმოადგენს სწორედ ისეთ ინსტიტუციას, სადაც ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება და ინიციატივა განიხილება და თუ იქნება მსგავსი შეთავაზება, საკანონმდებლო ორგანო მზად არის რეგლამენტის შესაბამისად განახორციელოს პროცესი და შეისწავლოს ნებისმიერი წინადადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები