სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. მისივე თქმით, რუსეთის აგრესია არის ჩარჩენა ომების და ტოტალიტარიზმის საუკუნეში.

„დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, რაც ხდება ევროპაში, რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, დღეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში. ის, რაც ხდებოდა ამ დილით. ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული სუვერენობის წინააღმდეგ. კიევის დაბომბვა, ასეთი უმკაცრესი ქმედებები მოქალაქეების წინააღმდეგ – ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელი არის თანამედროვე მსოფლიოში. მიუღებელი არის ევროპაში, მიუღებელი არის ჩვენთვის, ორივე ქვეყნისა და ჩვენი ღირებულებებისთვის.

რუსეთის აგრესია არის ერთის მხრივ არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმი არის დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც იყო ომების საუკუნე და ტოტალიტარიზმის საუკუნე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკრაინაში ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და, ალბათ, მთლიანად მსოფლიოსთვის. ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ. არ შეიძლება, გაიმარჯვოს უსამართლობამ. არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრი არის. კიდევ უფრო იმის შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში. რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს და ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის.

კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ.

„განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო სრულიად უერთდება, საქართველო და მოლდოვა. უკრაინის ომი ევროპისთვის უდიდესი გამოწვევა არის დღევანდელ დღეს, მაგრამ ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ევროპამ დღეს დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.

ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ევროპის ჩვენი პარტნიორები უყურებდნენ რუსეთს სხვა თვალით და მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მათთვისაც სანდო პარტნიორი ამ თავისი ქმედებების მიუხედავად. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა, თუ რა არის რეალური სახე რუსეთის აგრესიის და რუსეთის იმპერიალური ხედვის, ქცევის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები