„გიგო გაბაშვილი – წარმოსახვა და რეალობა“ – გამოფენა გაიხსნება
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოადგენს გამოფენას – „გიგო გაბაშვილი – წარმოსახვა და რეალობა”. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.
„ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის – გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში არის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ფოტოები, რომლებიც ხელოვანის თანამედროვე ევროპული მხატვრობით, კერძოდ, სიმბოლიზმით გატაცებას ადასტურებს. გიგო გაბაშვილის ნაკლებად ცნობილი სიმბოლისტური ხელოვნება ფართო მაყურებლის წინაშე პირველად წარდგება მასშტაბურად.
გამოფენაზე წარმოდგენილ გიგო გაბაშვილის მხატვრულ სამყაროში რეალობა და წარმოსახვა შეზავებულია. შემოქმედი არ ცდილობს რეალობის იმიტაციას, არამედ თავისუფალი ინტერპრეტაციით გადმოსცემს თავის სულიერ განწყობას. ის იყენებს ემოციების გამომსახველ სიმბოლოებს და ამ სიმბოლოებისა და ნიშნების მეშვეობით სურს, შიგნიდან გახსნას ინდივიდუალური რეალობა. ეს მხატვრული სამყარო გიგო გაბაშვილის ფანტაზიის, ხილვების ნაყოფია, სადაც მისი ცოდნა, წარმოსახვა, რელიგიური და მითოსური წარმოდგენები თანაარსებობს. მხატვრის ესთეტიზმი ზოგჯერ ეზოთერული, ეგზოტიკური, ხანაც იდუმალი, წარმოსახვითი, სიზმრისეული და ფანტასტიკურია. შემოქმედი იყენებს რა რეალურ საგნებსა და გარემოცვას, ცვლის მათს მნიშვნელობებს და თავისი ფანტაზიით ქმნის ახალ, ფანტასტიკურ სამყაროს, სადაც წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს ერწყმის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია მზია ჩიხრაძე.
გამოფენა 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.