კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „სუხიშვილებს’’ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
კულტურის სამინისტროსგან ანსამბლს „სუხიშვილებს“ რეპერტუარებისთვის – „ხანჯლური”, „ჯუთა”, „ყარაჩოხელი”, „ხევსურული” – გადაეცა საჭირო სასცენო სამოსი და აქსესუარი, სულ 212 ერთეული; კერძოდ, 38 კომპლექტი ჩოხა, მამაკაცის ხევსურულის გულისპირი 20 ცალი, 36 ცალი ქუდი (20 ხევსურულის და 16 ყარაჩოხელის), ქალის კაბა ოთხი კომპლექტი, 81 შარვალ-ახალუხი, 32 წყვილი პაჭიჭი.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „სუხიშვილების“ ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილები, ანსამბლის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ „სუხიშვილების სტუდიაში“ გაიმართა.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.
„დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი. 2021 წლის დეკემბერში გამოიყო 197 999 ლარი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ანსამბლებს ეტაპობრივად გადასცემს მათთვის შეკერილ სასცენო სამოსს. მეორე ტენდერი სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა. გამოიყო 141 000 ლარი, რომლითაც დაიგეგმა სამოსის გადაცემა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლისთვის. აღნიშნული ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შექმნეს. ეს იყო პირველი პროფესიული სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი საქართველოში. მათი დამსახურებით ქართული ეროვნული ცეკვა მთელ მსოფლიოში გახდა ასეთი პოპულარული. უკვე სამი თაობაა, სუხიშვილების ოჯახი ხელმძღვანელობს ქართულ ნაციონალურ ბალეტს. დღეს ანსამბლის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორი ნინო სუხიშვილი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ილიკო (უმცროსი) სუხიშვილია.
ანსამბლი 500-ზე მეტი გასტროლით იმყოფებოდა ხუთ კონტინენტზე, ხოლო 90-ზე მეტ ქვეყანაში გამართა 10 000-ზე მეტი კონცერტი, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ქართული ნაციონალური ბალეტის ორ საათიანი პროგრამა მოგვითხრობს ქართველი ხალხის მებრძოლი სულის, ტანჯვისა და გმირობის შესახებ; წარმოდგენა გამდიდრებულია ზღაპრული კოსტიუმებით; მამაკაცები გამოირჩევიან საცეკვაო ტემპერამენტით, რომელიც ასახავს როგორც მათ მეომარ, ისე კეთილშობილურ ბუნებას, ხოლო საოცრად ლამაზი ქალები, ცეკვისას, თითქოს, დანარნარებენ სცენაზე.
ქართული ნაციონალური ბალეტი ამაყობს თავისი ინოვაციურობით, ავითარებს და ამკვიდრებს ქართული ცეკვის ახალ ტრადიციას. შედეგად, ფოლკლორული ცეკვა და მუსიკა მოდერნიზებულია და მოიცავს კლასიკური ცეკვის ელემენტებსაც. ამგვარი უნიკალური მიდგომა დიდი ხანია ქმნის ანსამბლის წარმატებულ საერთაშორისო სახელს და განაპირობებს მის პოპულარობას.
ქართული ნაციონალური ბალეტი 150-ზე მეტი მოცეკვავისგან შედგება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.